მედიის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული განცხადების გამო, უფლებამოსილება შეუჩერა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ მემკვიდრეობის მინისტრ ამიჩაი ელიაჰუს ბირთვულ იარაღთან დაკავშირებული განცხადების გამო, შემდეგ მითითებამდე, მთავრობის სხდომებში მონაწილეობა შეუჩერა.
რადიო კოლ ბერამასთან ინტერვიუში, ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა გამოიყენოს თუ არა ისრაელმა ბირთვული იარაღი ღაზაში, ამიჩაი ელიაჰუმ უპასუხა: „ეს არის ერთი გზა“.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განმარტებით, ამიჩაი ელიაჰუს განცხადებები რეალობაზე არ არის დაფუძნებული.
„ისრაელი და ისრაელის თავდაცვის ძალები მოქმედებენ საერთაშორისო სამართლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, რათა თავიდან აიცილონ უდანაშაულო ადამიანების ზიანი, ასე გავაგრძელებთ გამარჯვებამდე“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
ამასთან, ამიჩაი ელიაჰუმ განაცხადა, რომ არ სურდა, მისი პასუხი სიტყვა სიტყვით აღქმულიყო.
„ყველა გონიერი ადამიანისთვის ნათელია, რომ ბირთვული იარაღის შესახებ განცხადება მეტაფორულია“, – აღნიშნა ელიაჰუმ.
როგორც „სიენენი“ წერს, ისრაელს ოფიციალურად არასდროს დაუდასტურებია ბირთვული იარაღის ფლობა.
Prime Minister Benjamin Netanyahu:
Minister Amihai Eliyahu’s statements are not based in reality. Israel and the IDF are operating in accordance with the highest standards of international law to avoid harming innocents. We will continue to do so until our victory.
— Prime Minister of Israel (@IsraeliPM) November 5, 2023