მედიის ცნობით, ბაშკირეთში პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
მედიის ცნობით, ბაშკირეთში პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბაშკირეთში პოლიციამ სასამართლოსთან შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც გარემოს დამცველი აქტივისტისთვის ოთხწლიანი პატიმრობის მისჯას აპროტესტებდნენ, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს მანქანისთვის, რომლითაც მსჯავრდებული გადაჰყავდათ, რის შემდეგაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მოხდა.

რამდენიმე ათასი დემონსტრანტი ქალაქ ბაიმაკში სასამართლოს შენობასთან განაჩენის გამოცხადების დღეს შეიკრიბა. ისინი აქტივისტ ფაილ ალსინოვის გათავისუფლებას ითხოვდნენ.

როგორც მედია წერს, ბაშკირელი აქტივისტი ფაილ ალსინოვი ეთნიკური შუღლის გაღვივების ბრალდებით დააპატიმრეს. მის მიმართ საქმე აღძრეს 2023 წლის აპრილში ოქროს მოპოვების წინააღმდეგ მიტინგზე სიტყვით გამოსვლის გამო. თავად დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, მიტინგზე გამოსვლისას ალსინოვი ამბობდა, რომ ვიდრე ბაშკირები უკრაინაში ომობენ, ბაშკირეთში მათ მიწებს ართმევენ. მისი განცხადებით, ისინი, ვინც ბაშკირეთში ოქროს მოიპოვებს და ბუნებას ანადგურებს, შემდგომ მშობლიურ მხარეში დაბრუნდება, ოქროს მოპოვების შედეგები კი, ადგილობრივ მოსახლეობას დააზარალებს. მედიის ცნობით, ამ განცხადებისას მან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები ჩამოთვალა. „ჩვენ ვერ გადავსახლდებით, ჩვენ არ გვაქვს სხვა სახლი, ჩვენი სახლი აქ არის“, – განაცხადა მან.

აქტივისტის მომხრეთა მტკიცებით, ალსინოვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არის უძველესი კუშტაუს მთის გამო შურისძიება. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალსინოვი იყო ერთ-ერთი, ვინც აპროტესტებდა აღნიშნული მთის სოდის წარმოებისთვის დამუშავებას 2019-2020 წლებში. როგორც მედია წერს, საბოლოოდ, სამუშაოები მთაზე შეჩერდა და კუშტაუმ განსაკუთრებულად დაცული ბუნებრივი ტერიტორიის სტატუსი მიიღო.