მედიის ცნობით, აზერბაიჯანში, ცესკო-სთან დაკავებული აქციის მონაწილეები ბაქოდან გაიყვანეს
აზერბაიჯანში, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან დაკავებული აქციის მონაწილეები ბაქოდან გაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის გათავისუფლებულია „რესპუბლიკური ალტერნატივას“ ლიდერი ილგარ მამედოვი. პოლიტიკოსის განცხადებით, დაკავების შემდეგ, მას ოთხი საათის განმავლობაში ავტომობილით დაატარებდნენ, ბოლოს კი ბაქო-შამახის გზატკეცილზე რადიოაქტიური ნარჩენების გადამამუშავებელ ქარხანასთან დატოვეს.
საპროტესტო აქციის დროს სამართალდამცველებმა 55-მდე ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები აზერბაიჯანში 9 თებერვალს გამართული არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ და მას გაყალბებულად მოიხსენიებდნენ. დაკავებულთა შორის არჩევნებში მონაწილე კანდიდატები და ოპოზიციონერი დეპუტატებიც აღმოჩნდნენ. სამართალდამცველებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის ყველა შესასვლელი ჩაკეტეს.
აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად, მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. ცესკო-ს მონაცემებით, „ენი აზერბაიჯანი“ (ახალი აზერბაიჯანი) 125-ადგილიან მილი მეჯლისში 70 ადგილს მიიღებს.