მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ამხილეს პირები, რომლებიც ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ
მედიის ცნობით, აზერბაიჯანში ამხილეს პირები, რომლებიც ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ

აზერბაიჯანში ამხილეს პირები, რომლებიც ტერაქტების განხორციელებას გეგმავდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მედიასაშუალებები ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე ბაჰრუზ ასკეროვი, რომელიც რუსეთის ფედერაციის ქალაქ მურმანსკში ცხოვრობს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირი სხვა პირებს დაეკონტაქტა აზერბაიჯანში ტერორისტული აქტის მოწყობის მიზნით, რასაც ადამიანების სიკვდილი უნდა მოჰყოლოდა.

კერძოდ, გამოძიების მიხედვით, ასკეროვი აზერბაიჯანის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ პირებთან საიდუმლო კავშირს ამყარებდა და აძლევდა განკარგულებებს, რათა აზერბაიჯანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ლენქორანის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურზე თავდასხმა მოეწყოთ. ასევე, გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ ბაჰრუზ ასკეროვმა დაავალა მოკავშირეებს, შეთქმულება მოეწყოთ უცხო ქვეყნის მოქალაქის წინააღმდეგ, რომელიც აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონში ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობდა. ამას გარდა, როგორც აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, დაკავებული პირი გეგმავდა, სხვადასხვა პირის სამხედრო მომზადება ჩაეტარებინა უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ ამჟამად კომპლექსური საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება, რათა საქმის ყველა დეტალი გახდეს ცნობილი.