მედიის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან მომლაპარაკებლები უახლოეს დღეებში დოჰაში შეიკრიბებიან, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები განაახლონ
აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან მომლაპარაკებლები უახლოეს დღეებში დოჰაში შეიკრიბებიან, რათა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკებები განაახლონ. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ინფორმაციით, მოლაპარაკებებზე დასასწრებად დაზვერვის სააგენტოს, „მოსადის“ ხელმძღვანელი დევიდ ბარნეა კვირას დოჰაში გაემგზავრება.
„ჩვენ განვიხილეთ ამ მომენტის გამოყენების ვარიანტები და შემდგომი ნაბიჯები პროცესის წინ წასაწევად. ვფიქრობ, რომ ჩვენი მომლაპარაკებლები უახლოეს დღეებში შეიკრიბებიან“, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ჟურნალისტებთან საუბრისას, კატარის პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც „როიტერი“ წერს, ეგვიპტე ცალკე აწარმოებს მოლაპარაკებებს „ჰამასთან“ და იმედოვნებენ, რომ ეს მოლაპარაკებები დადებით შედეგს გამოიღებს.