მედიის ცნობით, აშშ-ის კონგრესში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია
აშშ-ის კონგრესში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების უპრეცედენტო მაჩვენებელია. როგორც კაპიტოლიუმის შენობაში მომსახურე ექიმმა ბრაიან მონაჰანმა კონგრესს 3 იანვარს წერილით შეატყობინა, ერთი კვირის დადებითობის მაჩვენებელი, ნოემბრის ბოლოს შემდეგ, 1%-დან 13%-მდე გაიზარდა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მონაჰანის მონაცემებით, კონგრესში კორონავირუსის ინფიცირების ნაწილი ვაქცინირებულ პირებზე მოდის. ინფიცირების შემთხვევებიდან 61%-ს „ომიკრონ“ ვარიანტი შეადგენს, 38%-ს კი, „დელტა“.
კაპიტოლიუმში მომუშავე ექიმის მონაცემებით, აცრილ პირებს შორის ინფიცირებას არ გამოუწვევია ჰოსპიტალიზაცია, სერიოზული გართულებები ან სიკვდილიანობა, რაც, მისი თქმით, ადასტურებს ვაქცინაციის მნიშვნელობას.
ექიმი კონგრესს ურჩევს, მაქსიმალურად გამოიყენონ მუშაობის დისტანციური ფორმა და შეამცირონ კონტაქტები.
აშშ-ში ბოლო ერთი კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და დღიურად საშუალოდ 418 ათას შემთხვევას შეადგენს. კორონავირუსის „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების ფონზე, აშშ-ში ათასობით სკოლაში სასწავლო პროცესის დაწყება გადაიდო ან დისტანციურ სწავლებით განახლდა.