მედიის ცნობით, აშშ და სამხრეთ კორეა ბირთვული საფრთხეების დასაძლევად ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ
მედიის ცნობით, აშშ და სამხრეთ კორეა ბირთვული საფრთხეების დასაძლევად ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ

აშშ და სამხრეთ კორეა ფხენიანიდან მომავალი ბირთვული საფრთხეების დასაძლევად ერთობლივ ზომებზე შეთანხმდნენ. ვაშინგტონი სამხრეთ კორეის სიახლოვეს პერიოდულად ბირთვულ წყალქვეშა ხომალდებს განალაგებს და სეულს ბირთვული დაგეგმვის ოპერაციებში ჩართავს. საპასუხოდ, სეული უარს იტყვის საკუთარი ბირთვული იარაღის შემუშავებაზე.

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აღნიშნავს, ვაშინგტონის დეკლარაცია, რომელსაც სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის თეთრ სახლში ვიზიტისას მოეწერა ხელი, გააძლიერებს მოკავშირეების თანამშრომლობას ჩრდილოეთ კორეისგან თავდასხმის შეკავების პროცესში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს უკვე აქვს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება, დაიცვას სამხრეთ კორეა და ამისთვის, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოს ბირთვული იარაღიც. თუმცა, ვაშინგტონის დეკლარაცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის განცხადებით, „უპრეცედენტო“ ვალდებულებას მოიცავს.