მედიის ცნობით, აქციის შედეგად ყირგიზეთში იზოლატორიდან ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს
ყირგიზეთის დედაქალაქში სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის იზოლატორიდან კორუფციის ბრალდებით დაკავებული ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი გაათავისუფლეს. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, ატამბაევი ქვეყნის დედაქალაქში გამართული აქციის მონაწილეებსა და უწყების ხელმძღვანელობას შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გამოიყვანეს შენობიდან. სააგენტო „ინტერფაქსის“ ინფორმაციით, აქციის მონაწილეებს შორის იყო პოლიტიკოსის ვაჟიც.
ბიშკეკში საპროტესტო აქცია გუშინ, დღის მეორე ნახევარში დაიწყო. დემონსტრაციის მონაწილეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის შედეგადაც, 7%-იანი ბარიერის გადალახვა მხოლოდ პროსახელისუფლებო პარტიებმა შეძლეს. აქციის მონაწილეები არჩევნების შედეგების გაუქმებასა და ხელახლა დანიშვნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები გვიან ღამით პარლამენტის, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების შენობებში შეიჭრნენ. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.
საპარლამენტო არჩევნები ყირგიზეთში კვირას გაიმართა. არჩევნებში სულ 16 პარტია მონაწილეობდა. 12-მა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადა.