მედიის ცნობით, ალბანეთში მიმდინარე აქციების დროს 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დაშავებულია 120 პოლიციელი [ვიდეო]
ტირანაში მიმდინარე საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა.
„როიტერის“ ინფორმაციით, დემონსტრანტები პოლიციას საგნებს ესროდნენ და საჯარო ქონებას აზიანებდნენ, სამართალდამცველებმა კი მათ წინააღმდეგ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
როგორც მედია წერს, აქციის მონაწილეებმა ცეცხლი დაანთეს და სათვალთვალო კამერები გათიშეს.
გავრცელებული ინფორმაციით, აქციების დროს 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. ალბანური მედიის ცნობით, დაშავებულია 120 პოლიციელი.
აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე მეოთხე დღეა, გრძელდება. სტუდენტების მიერ ორგანიზებული კამპანიის მიზანი პრემიერ-მინისტრ ედი რამას გადადგომაა.
თავად რამა აცხადებს, რომ გადადგომას არ აპირებს. მისი თქმით, არეულობას სტუდენტები არ აწყობენ. ამაში ის ოპოზიციასა და „უცხოურ ძალებს“ ადანაშაულებს.
„ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენ აქ ისტორიას ვქმნით და ვქმნით ალბანეთს, რომელშიც გვინდა ცხოვრება. გვინდა, ვიცხოვროთ აქ ისე, რომ კორუფციის გამო წასვლა არ მოგვიწიოს და იმის განცდა არ გვქონდეს, რომ არაფერი არასდროს არის საკმარისი. ყველაზე მეტად კი უსამართლობის“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
სტუდენტები ხელისუფლების წარმომადგენლებს კორუფციასა და განათლების სფეროს პრობლემების უგულებელყოფაში ადანაშაულებენ. მათი უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზია ალბანეთის სანაპიროს ტერიტორიების გაყიდვა კურორტის ასაშენებლად. „როიტერის“ ცნობით, კურორტის მშენებლობის პროექტს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი უჭერს მხარს.