მედიატურნირი ბოულინგში - გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები გადაეცათ
მედიატურნირი ბოულინგში - გამარჯვებულებს სამახსოვრო პრიზები გადაეცათ

გასართობ ცენტრ „ბოლრუმში“ საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით ბოულინგში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა. ტურნირში შვიდი გუნდი მონაწილეობდა. სპეციალურად მოწვეულ მონაწილეებში იყვნენ ცნობილი ტელესახე მანიკა ასათიანი, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების წევრი მერაბ ბოქოლიშვილი, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონი რაულ ცირეკიძე და კალათბურთის სამყაროს კიდევ ერთი წარმომადგენელი ლევან ფაცაცია.

ტურნირი ორ ნაწილად ჩატარდა. საბოლოოდ, პირველ ადგილზე გავიდა გუნდი „კამარა“, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ სპორტული ჟურნალისტები კახა ფაჩუაშვილი, ზვიად შათირიშვილი და ძალოსანი რაულ ცირეკიძე (703 ქულა). მეორე ადგილი გუნდმა „ბოქოლები“(637) დაიკავა, მესამე კი ჟურნალისტებისგან დაკომპლექტებულმა „რეკორდმაისტერმა“ (607) დაიკავა.

ყველაზე შედეგიან მამაკაც მოთამაშეს (კახა ფაჩუაშვილი, 303 ქულა) „ბოლრუმმა“ სპეციალური ფასიანი ვაუჩერი გადასცა. იდენტური ვაუჩერი მიიღო ყველაზე შედეგიანმა გოგონამ (მანიკა ასათიანი, 173 ქულა). საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამარჯვებულებს გუნდურ და ინდივიდუალურ დისციპლინაში ფასიანი პრიზები და თავისი ეგიდით გამოცემული სპორტული ლიტერატურა გადასცა.