მედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა ჟურნალისტმა კვალიფიკაცია აიმაღლა
მედიააკადემიის პროგრამებით 120-ზე მეტმა ჟურნალისტმა კვალიფიკაცია აიმაღლა

თანამედროვე მედიის გამოწვევებთან გასამკლავებლად მედიასკოლამ გასულ წელს მედიის 120-ზე მეტ წარმომადგენელს აუმაღლა კვალიფიკაცია.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ინფორმაციით, ჩატარდა 11 სასწავლო კურსი მოქმედი ჟურნალისტების, პროდიუსერებისა და მედია მენეჯერებისთვის. მედიის წარმომადგენლებმა თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს.

მათივე ინფორმაციით, მედიასკოლის სასწავლო პროცესის შედეგად, წამყვანი სატელევიზიო, რადიო და ონლაინმედიის წარმომადგენლები, თანამედროვე მედიაში არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს გაეცნენ. სასწავლო პროცესთან ერთად, მედიასკოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორმატი საჯარო ლექციებია, რომლის ფარგლებშიც, ჟურნალისტებს შესაძლებლობა აქვთ გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან, სხვადასხვა სფეროს ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან მიიღონ მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები.

„2019 წელს მედიასკოლამ ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა, ევროპელი მედია ექსპერტებისგან ფრენკ უილიამსისა და ბრაიან უიტმორისგან გაეზიარებინათ გამოცდილება. ასევე, მედიააკადემიაში ჟურნალისტები შეხვდნენ დიპლომატს ზურაბ აბაშიძესა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს კობა გვენეტაძეს.

მედიააკადემიის ძირითად სამიზნე აუდიტორიას, საზოგადოებასთან ერთად, ჟურნალისტები, პროდიუსერები და მედია მენეჯერები წარმოადგენენ. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად, მომხმარებლის ქცევა იცვლება და საზოგადოება კლასიკური მედია პროდუქტების მოხმარებიდან, მულტიმედიური პროდუქტების მოხმარებაზე გადადის, აუცილებელია მედიამ ამ გამოწვევებს სათანადოდ უპასუხოს. სწორედ თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებაში და კვალიფიკაციის ამაღლებაში ეხმარება მედიააკადემია ქართულ მედიას.  მედიააკადემიის ერთი წლის მუშაობის შედეგების შეჯამება კომუნიკაციების კომისიის 2019 წლის ანგარიშშია გამოქვეყნებული“, – აცხადებენ კომუნიკაციების კომისიაში.