მედია – ყოფილ სამხედრო ფსიქიატრ ნიდალ ჰასანს, რომელმაც 2009 წელს ამერიკულ სამხედრო ბაზაზე 13 ადამიანი მოკლა, სიკვდილით დასჯიან, პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემა

09:37, 09.10.2026

ყოფილი სამხედრო ფსიქიატრი ნიდალ ჰასანი 1945 წლის შემდეგ პირველი ადამიანი იქნება, რომელსაც აშშ-ის სამხედროები დახვრეტით დასჯიან. პროცესი პირდაპირი ეთერით გადაიცემა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეთმა Real America’s Voice News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სიკვდილით დასჯა 3 დეკემბერს, ფორტ ჰუდში მოხდება. მისივე თქმით, განაჩენის აღსრულება 13:00 საათზე, იმავე დღესა და დროს არის დაგეგმილი, როდესაც ჰასანმა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმა განახორციელა.

„ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ხალხმა ნახოს ეს, გავასაჯაროოთ. რადგან ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“, – თქვა ჰეგსეთმა.

იქამდე კი პენტაგონის პრესმდივანმა, შონ პარნელმა დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალურად დაამტკიცა ჰასანის სიკვდილით დასჯა.

ცნობისთვის, 2009 წელს სამედიცინო მაიორმა, ნიდალ მალიკ ჰასანმა პისტოლეტიდან ცეცხლი გაუხსნა ჯარისკაცებს, რომლებიც საზღვარგარეთ გაგზავნამდე ვაქცინაციისა და სამედიცინო გამოკვლევების რიგში იდგნენ. სროლის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა და 32 დაიჭრა. თავდასხმის დროს ჰასანმა არაბულად დაიყვირა: „დიდება ალაჰს“.

დაკავების დროს თავდამსხმელი დაიჭრა, რის შედეგადაც ის წელს ქვემოთ პარალიზებული დარჩა. მოგვიანებით, ჰასანმა განაცხადა, რომ მკვლელობით სურდა, „მოწამე“ გამხდარიყო. გამოძიებამ დაადგინა, რომ ჰასანი თავდასხმას კვირების განმავლობაში გეგმავდა.

მსგავსი