მედია: რუსეთი პოლონეთის საზღვართან სისხლიან პროვოკაციას გეგმავდა
მავთულხლართებით გამაგრებული სასაზღვრო ღობე პოლონეთ-ლიეტუვის საზღვრის გასწვრივ, რუსეთის ექსკლავ კალინინგრადის მახლობლად. 2026 წლის 26 სექტემბერი
რუსეთი კალინინგრადის ოლქიდან პოლონეთის წინააღმდეგ დივერსიული თავდასხმის მოწყობას გეგმავდა. პროვოკაციის მიზანი მრავალი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა და მომხდარში უკრაინის დადანაშაულება იყო, თუმცა პოლონეთის სპეცსამსახურებმა გეგმის განხორციელება აღკვეთეს. ამის შესახებ პოლონური გაზეთი „რეჩპოსპოლიტა“ ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
გაზეთის ცნობით, პოლონეთის სპეცსამსახურებმა სამხედროებთან ერთად ჩაშალეს ოპერაცია, რომელიც ოქტომბრისა და ნოემბრის მიჯნაზე უნდა განხორციელებულიყო. გეგმა ითვალისწინებდა რუსეთ-პოლონეთის საზღვრის გადაკვეთასა და რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე თავდასხმის იმიტირებას.
„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია იმ კონკრეტული ობიექტების შესახებ, რომლებზეც თავდასხმა უნდა მომხდარიყო. რუსები დიდძალ მსხვერპლს ვარაუდობდნენ“, – განუცხადა გამოცემას ერთ-ერთმა წყარომ, რომელმაც ადგილმდებარეობის დასახელებაზე უარი თქვა.
სტატიის მიხედვით, სხვა, მეორე წყაროს თქმით, მოსკოვი ასევე იმედოვნებდა, რომ ეს თავდასხმა ვარშავას კიევისთვის მხარდაჭერის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიაღებინებდა.
„რეჩპოსპოლიტას“ ინფორმაციით, გაფრთხილებები პარტნიორი ქვეყნების სპეცსამსახურებისგანაც მოვიდა. პროვოკაციის მოწყობის რისკზე პოლონეთის სადაზვერვო უწყებების ანალიტიკოსებიც მიუთითებდნენ. გამოცემა დასძენს, რომ პოლონეთის უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელთა შეშფოთება მას შემდეგ გაიზარდა, რაც საზღვრის რუსულ მხარეს დივერსიული ოპერაციების კოორდინატორი რუსი ოფიცრები გამოჩნდნენ.
მსგავს საქმიანობას, როგორც წესი, რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველო (ГРУ – Главное разведывательное управление) ხელმძღვანელობს.
მანამდე გავრცელებული ცნობების თანახმად, პოლონეთის ხელისუფლებამ საზღვრის გასწვრივ სპეციალური ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სამხედრო დაზვერვის სამსახურმა დივერსიული აქტების შესაძლო მომზადების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც პოლიციის, შეიარაღებული ძალების, სასაზღვრო სამსახურისა და სპეცსამსახურების წარმომადგენლები შევიდნენ. პარალელურად, ვრცელდებოდა ინფორმაცია შეიარაღებული ჯგუფების მიერ საზღვრის გადაკვეთის შესაძლო მცდელობების შესახებ.
პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ღამით საზღვარზე „შემაშფოთებელი გადაადგილებები“ შეინიშნებოდა.
„შუაღამის დადგომიდან ცოტა ხნის შემდეგ, სასაზღვრო სამსახურისგან მივიღე ინფორმაცია, რომ პოლონეთ-რუსეთის საზღვარზე საეჭვო გადაადგილება შენიშნეს. იქ ფანრებით აღჭურვილი პირები იმყოფებოდნენ. ჩვენ დაუყოვნებლივ გავგზავნეთ შესაბამისი ძალები და საშუალებები“, – განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აღიკვეთა პროვოკაციის მცდელობა, „თუ ასეთი განზრახვა ნამდვილად არსებობდა, რადგან ამის სრულად დადასტურებას ვერ შევძლებთ“.
„რეჩპოსპოლიტას“ ცნობით, რუსეთი მსგავს ოპერაციებს ლიეტუვასა და ლატვიაშიც გეგმავდა. გამოცემის განცხადებით, ესტონეთში ГРУ-ს ანალოგიურმა აქტივობამ ტალინს დეკემბრის დასაწყისიდან რუსეთთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგა.
სტატიის ავტორი: პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio)
ფოტოს ავტორი: სერგეი გაპონი, საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“
წყარო: პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი „პოლონეთის რადიო“ (Polskie Radio) და პოლონეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო PAP-ი (Polska Agencja Prasowa)