მედია - პოლონეთში 2033 წლამდე რამდენიმე ბირთვული ელექტროსადგურის აშენება იგეგმება
პოლონეთი 2033 წლამდე რამდენიმე ბირთვული ელექტროსადგურის აშენების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას Märkische Oderzeitung-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ქვეყანაში პირველი ბირთვული სადგურის მშენებლობა გდანსკის მახლობლად იგეგმება.
შესაბამისი პროექტები ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს შემუშავდა, თუმცა ფინანსური მიზეზებით ვერ განხორციელდა. ამასთან, პოლონური მედიის ცნობით, ატომური ელექტროსადგურების აშენების გეგმა პოლონეთის მოქმედ მთავრობას ჯერ საბოლოოდ არ დაუმტკიცებია.
ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობის წინააღმდეგ გარემოს დამცველი აქტივისტები გამოდიოდნენ. ზოგიერთი პოლიტიკოსი კი, შეშფოთებას გამოთქვამდა, რომ ატომური სადგურების აშენება შესაძლოა, რეგიონში ტურიზმზე უარყოფითად აისახოს.
აღსანიშნავია, რომ 2 დეკემბერს პოლონეთის ქალაქ კატოვიცეში გაერო-ს ყოველწლიური კლიმატური კონფერენცია იხსნება.