მეცნიერებმა ველური კატის ახალი სახეობა გამოავლინეს — პირველად 21-ე საუკუნეში #1tvმეცნიერება
მეცნიერულად აღწერეს კატის ახალი სახეობა — მომცრო ზომის, წინწკლებიანი ტილკაიო ბოლივიიდან.
სამხრეთ ამერიკაში ვეფხვისებრი კატების გვარის (Leopardus) პატარა კატების რამდენიმე სახეობა ბინადრობს, მათ შორის, ოცელოტი, მარგაი, კოდკოდი, ჟოფრუას კატა და ვეფხვისებრი კატა, იგივე ონცილა. ახალ სახეობას ამ ღამის ძნელად შესამჩნევი ცხოველების მსგავსი გარეგნობა აქვს, რამაც მისი ცალკე სახეობად იდენტიფიცირება გაართულა.
ეს განსაკუთრებით ეხება ვეფხვისებრ კატებს (ონცილა), რომლებიც შინაური კატის ზომის არიან და ბინადრობენ კოსტა-რიკასა და სამხრეთ ამერიკაში — ბოლივიაში, ბრაზილიაში, ვენესუელაში, კოლუმბიაში, ეკვადორსა და პერუში. ისტორიულად მათ მრავალი ადგილობრივი და სამეცნიერო სახელი ჰქონდათ, მაგრამ ყველა მათგანი ერთიანდებოდა ერთ სახეობაში — Leopardus tigrinus-ში.
შემდეგში გენეტიკურმა კვლევებმა ეს სახეობა ოთხ სახეობად დაყო, აღდგა იმ სამი სახეობის სახელწოდება, რომლებსაც მეცნიერები მანამდე იყენებდნენ, ვიდრე მათ ყველას L. tigrinus-ის სახელწოდების ქვეშ გააერთიანებდნენ. ამ პროცესის შედეგად, 2013 წელს ოფიციალურად აღიარეს სამხრეთული ვეფხვისებრი კატა (Leopardus guttulus), 2017 წელს Leopardus emiliae და 2024 წელს ნისლა ფეფხვისებრი კატა (Leopardus pardinoides).
ამჯერად, ბრაზილიის რიო-გრანდი-დუ-სულის პონტიფიკალური კათოლიკური უნივერსიტეტის მკვლევარმა ედუარდუ ეიზირიკმა და მისმა კოლეგებმა Leopardus-ის გვარის 38 ინდივიდის სრული გენომები შეისწავლეს, მათ შორის იყო 26 ვეფხვისებრი კატა მათი ცნობილი გავრცელების დიაპაზონიდან.

გენომიკურმა კვლევამ მეხუთე, განსხვავებული სახეობა გამოავლინა, რომელიც ბოლივიაში, ანდების მთების აღმოსავლეთ კალთებზე, იუნგასის ტყეებში ბინადრობს. მკვლევრებმა ის სრულიად ახალი სახელის ქვეშ აღწერეს — Leopardus tilcayo, იმ ტერმინის შესაბამისად, რომელსაც ადგილობრივები უწოდებენ ამ კატას.
„აღმოვაჩინეთ კატის ახალი სახეობა, რომელიც აქამდე მეცნიერულად სახელდებული არ იყო“, — ამბობს ეიზირიკი და იქვე აღნიშნავს, რომ ეს ასეთი პირველი შემთხვევაა ამ საუკუნეში.
„კატების უფრო მეტი სახეობა არსებობს. ვის შეიძლება არ უყვარდეს ისინი? მათ დანახვა და პოვნა რთულია, შესაბამისად, სულაც არაა გასაკვირი, რომ ზოგიერთი ადრეული ტაქსონომია მოდიფიცირებას საჭიროებს ახლა, როცა უფრო მეტი მონაცემი გვაქვს“, — ამბობს დეივისში კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარი ლესლი ლიონსი.

L. tilcayo-სიგრძე დაახლოებით 42-50 სანტიმეტრია და 1,5 – 2 კილოგრამამდე იწონის. გენომებმა ცხადყო, რომ ის თითქმის 1,4 მილიონი წლის წინ გამოეყო ხაზს, რომელიც ასევე მოიცავდა L. tigrinus-სა და L. pardinoides-ს.
ახალი სახეობების ვიზუალურად გარჩევა ადვილი არ არის.
„ვეფხვისებრი კატების ხუთივე სახეობა იდუმალი სახეობაა. მორფოლოგიურად ერთმანეთს ძალიან ჰგვანან“, — ამბობს მკვლევართა ჯგუფის წევრი, ბელგიის ანტვერპენის უნივერსიტეტის მკვლევარი იონას ლესკროარტი.
მკვლევრებმა ასევე დაადგინეს, რომ ანდების დასავლეთ კალთებზე, პერუს იუნგასის ტყეებში ბინადრობს L. tigrinus-ის ხაზის კატების განსხვავებული ჯგუფი, რომელიც მათ ახალ ქვესახეობად აღწერეს და L. tigrinus antisuyo უწოდეს.

სამხრეთ ამერიკაში ძალიან ბევრი ბარიერია, რომელიც ცხოველთა პოპულაციების ერთმანეთისგან იზოლირებას ახდენს; მათ შორისაა მთები და მდინარეები; შესაბამისად, შეიძლება კატის კიდევ უფრო მეტი სახეობა იყოს აღმოუჩენელი.
L. tigrinus-ი ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში მოწყვლადის კატეგორიაშია შეტანილი. თუმცა, ახალი სახეობები და ქვესახეობები ახლა უნდა შეფასდეს და დავიცვათ განსხვავებული ზომებით, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ტყეები, სადაც ისინი ბინადრობენ, სულ უფრო მცირდება სოფლის მეურნეობის გაფართოების ხარჯზე.
კვლევა Current Biology-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია New Scientist-ის მიხედვით.