მეცნიერებმა შექმნეს სითხე, რომელიც მზის ენერგიას 18 წელი ინახავს
მეცნიერებმა შექმნეს სითხე, რომელიც მზის ენერგიას 18 წელი ინახავს

რაც არ უნდა უხვი და განახლებადი იყოს, მზის ენერგიას ერთი უარყოფითი გვერდითი მხარე მაინც აქვს. ჯერ კიდევ არ არსებობს მისი გამომუშავებული ენერგიის იაფი და ეფექტიანი გრძელვადიანი შენახვის საშუალება.

მზის ინდუსტრია ამ საკითხზე დიდი ხანია მუშაობს, მაგრამ გასულ წელს, მხოლოდ ოთხმა კვლევამ დადო დამაინტრიგებელი ახალი გამოსავალი.

შვედმა მეცნიერებმა შექმნეს სპეციალური სითხე, სახელად მზის თერმული საწვავი, რომელსაც მზის ენერგიის შენახვა ათ წელზე მეტხანს შეუძლია.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევრის, ჯეფრი გროსმენის განმარტებით, მზის თერმული საწვავი მრავალჯერადი დატენვის ბატარეას ჰგავს, მაგრამ ელექტროენერგიის ნაცვლად, თქვენ მზის სინათლეს იყენებთ.

სინამდვილეში, შვედეთის ჩალმერსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ შექმნილი სითხე გახლავთ მოლეკულა თხევად ფორმაში.

ეს მოლეკულა შედგება ნახშირბადის, წყალბადისა და აზოტისგან. როდესაც მას მზის სინათლე ხვდება, სჩადის რაღაც უჩვეულოს — ბმები მის ატომებს შორის ხელახლა გადალაგდება და საკუთარ თავს ენერგიით სავსე ახალ ვერსიად გადააქცევს, რასაც იზომერი ეწოდება.

მახეში გაბმული მსხვერპლის მსგავსად, მზის ენერგია იზომერის ძლიერ ქიმიურ ბმებს შორის „იჭედება“ და იქ რჩება მაშინაც კი, როცა მოლეკულა ოთახის ტემპერატურამდე ცივდება.

 

როცა ენერგია საჭირო ხდება, მაგალითად ღამით ან ზამთარში, კატალიზატორი ამ სითხეს მარტივად უბრუნებს მოლეკულის თავდაპირველ ფორმას, რა დროსაც ენერგია სიცხის სახით გამოიყოფა.

მკვლევართა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნანომასალების მეცნიერ კასპერ მოთ-პოლსენის განცხადებით, ამ იზომერში ენერგიის შენახვა შესაძლებელია 18 წლის განმავლობაში.

უნივერსიტეტის შენობის სახურავზე მოთავსებულმა ენერგიის ამ სისტემის პროტოტიპმა ახალი ტესტირებაც გაიარა. მკვლევართა თქმით, შედეგებმა უკვე მრავალი ინვესტორის ყურადღება მიიქცია.

განახლებადი, გამონაბოლქვისგან თავისუფალი ენერგიის მოწყობილობა შედგება ჩაღუნული რეფლექტორისგან და მის ცენტრში მოთავებული მილისგან, რომელიც მზეს ავტომატური თანამგზავრული თეფშის მსგავსად მიჰყვება.

სისტემა ცირკულარული ხასიათით მუშაობს. გამჭვირვალე მილებში ამოტუმბულ სითხეს მზის სხივები ათბობს და მოლეკულურ ნორბორნადიენს (ქიმიური ნაერთი) გარდაქმნის სითხის დამჭერ იზომერად — კვადრიციკლანად. ამის შემდეგ, სითხე ოთახის ტემპერატურაზე ინახება, მინიმალური დანაკარგებით.

ენერგიის საჭიროების დროს, სითხე სპეციალურ კატალიზატორში იფილტრება, რომელიც მოლეკულას თავდაპირველ ფორმას უბრუნებს და სითხეს 63 გრადუს ცელსიუსამდე აცხელებს.

იმედს სწორედ ამ სითბოზე ამყარებენ, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია სახლის გათბობის სისტემებში, შენობის გათბობის სისტემის მომარაგებისთვის და ა. შ.

მკვლევრებმა სითხეს ციკლი 125-ზე მეტჯერ ჩაუტარეს. გაირკვა, რომ მოლეკულა ამ დროს მნიშვნელოვნად არ დაზიანებულა.

სწრაფი პროგრესის შემდეგ, მკვლევართა განცხადებით, მათი სითხის ერთ კილოგრამს 250 ვატი-საათის ენერგიის შენახვა შეუძლია, რაც თითქმის ორჯერ აღემატება Tesla-ს Powerwall ბატარეების ტევადობას.

თუმცა, გასაუმჯობესებელი ჯერ ბევრი რამ რჩება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ სწორი მანიპულაციების შემთხვევაში ამ სითხისგან გაცილებით მეტ სითბოს მიიღებენ, სულ მცირე 110 გრადუს ცელსიუსს.

მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ეს ტექნოლოგია ბაზარზე ხელმისაწვდომი უახლოეს 10 წელიწადში გახდება.

კვლევა ჟურნალ Energy & Environmental Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nbcnews.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.