მეცნიერებმა პირველად აღადგინეს იდუმალი დენისოველების გარეგნობა

12:46, 26.10.2026
დენისოველის გარეგნობის ვიზუალიზაცია / ფოტო: ჟურნალი Nature

დენისოველის გარეგნობის ვიზუალიზაცია / ფოტო: ჟურნალი Nature

თანამედროვე ადამიანისა და ნეანდერტალელის ახლო ნათესავების – დენისოველების არსებობის შესახებ მეცნიერებმა მხოლოდ 15 წლის წინ შეიტყვეს, ახლა კი მათ პირველად შეძლეს იმის აღწერა, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ისინი. ამაში მკვლევრებს ახლახან აღმოჩენილი თავის ქალის ფრაგმენტი დაეხმარა.

დაბალი, დახრილი შუბლი, მასიური ყურები, წარბის წინ წამოწეული ზედა რკალები, კუთხოვანი ლოყის ძვლები, ბრტყელი სახე და ფართო ცხვირი… მეცნიერების ახალი ვარაუდის მიხედვით, სწორედ ასე გამოიყურებოდნენ დენისოველები – პრეისტორიული ადამიანები. თანამედროვე ადამიანის ამ გადაშენებული „ნათესავების“ გარეგნობის აღდგენა უახლეს აღმოჩენებს, კერძოდ კი ჩრდილოეთ ჩინეთში ნაპოვნი თავის ქალის ფრაგმენტების, კბილებისა და ყბების შესწავლას ეფუძნება.

„ბოლოს და ბოლოს, უკვე შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ გამოიყურებოდნენ დენისოველები“, – ასე გამოეხმაურა მათ ვიზუალიზაციას ბრისბენის (კვისლენდის შტატი, ავსტრალია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პალეოგენეტიკოსი, სალი ვასეფი.

მეცნიერებმა დენისოველები პირველად 2010 წელს აღწერეს, როდესაც ციმბირში, დენისოვის მღვიმეში ადრე აღმოჩენილ თითის ძვლებს გენეტიკური ანალიზი ჩაუტარეს.

მაშინ მათ აღმოაჩინეს, რომ ის არც თანამედროვე ადამიანის (Homo sapiens) და არც ნეანდერტალელების (Homo neanderthalensis) გენეტიკურ მასალას არ ჰგავდა. მოგვიანებით, სწორედ ამ იდუმალ დენისოველებს მიაკუთვნეს აზიის სხვადასხვა ადგილას ნაპოვნი სხვა ჩონჩხის ნაშთებიც, მათ შორის – თითქმის მთლიანად შემონახული თავის ქალა. სწორედ ამ თავის ქალამ მისცა მეცნიერებს შესაძლებლობა, პირველად დაედგინათ, როგორ გამოიყურებოდნენ ეს პრეისტორიული ადამიანები.

კვლევის თანახმად, დენისოველების გარეგნობაში ერთმანეთს ერწყმოდა ადამიანის უფრო ძველი სახეობებისთვის, მაგალითად, ჰომო ერექტუსისთვის (Homo erectus), დამახასიათებელი არქაული ნიშნები და თანამედროვე ადამიანის, ჰომო საპიენსის (Homo sapiens), თავისებურებები. ამასთან, ავტორებმა გამოავლინეს რამდენიმე მკაფიო ნიშანი, რომლებითაც დენისოველები თავიანთ ახლო ნათესავ ნეანდერტალელებისგან განსხვავდებოდნენ. ერთ-ერთი ასეთი განსხვავება ყბის აგებულებაში გამოიხატებოდა.

წარსულის მოწმობა

აღმოჩენილი ჩონჩხის ნაშთები, სულ მცირე, 130 000 წლისაა. ისინი 1970-იან წლებში, ცხოველების ნაშთებსა და ქვის იარაღებთან ერთად იპოვეს. იმ პერიოდში გენეტიკური კვლევები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე იყო, ამიტომ უცნობი დარჩა, ადამიანის რომელ სახეობას ეკუთვნოდა ეს ნამარხები. მოგვიანებით გაირკვა, რომ ნამარხები დენისოველების იყო.

დანიელმა პალეონტოლოგმა, ფაბრის დემეტრმა ჟურნალ Nature-ს განუცხადა, რომ ამ აღმოჩენებმა გაამყარა მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ დენისოველები ფართოდ იყვნენ გავრცელებული და შესაძლოა, ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ჯგუფებსაც კი წარმოადგენდნენ.

„ეს კვლევა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია იმის გასაგებად, თუ როგორ გამოიყურებოდნენ ეს ადამიანები და სად ცხოვრობდნენ ისინი,“ – აღნიშნა მან.

სტატიის ავტორი: ტომაშ კარლიკი, ჩეხეთის ტელევიზია (CT- Česká televize)

თავდაპირველად გამოქვეყნდა: 23 ოქტომბერი, 2026 წელი, 13:30 (ცენტრალური ევროპის ზაფხულის დრო)

მსგავსი