მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სუსტი წერტილი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა კორონავირუსის ახალი სუსტი წერტილი აღმოაჩინეს

COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსი შეიცავს ფერმენტს, სახელად SARS-CoV-2-PLpro-ს, რომელიც აწარმოებს როგორც ვირუსულ, ისე ადამიანის ცილებს, რითაც ინფექციას ძლიერ დახმარებას უწევს. ამავე დროს, ასტიმულირებს იმ ცილების გამოყოფას, რომლებიც ვირუსს გამრავლებისათვის სჭირდება. გარდა ამისა, ადამიანის ორგანიზმში ის ბლოკავს იმ მოლეკულებსაც, რომლებიც იმუნურ სისტემას სიგნალს აწვდიან, რომ ინფექციას სასწრაფოდ თავს დაესხას.

ჟურნალ Science Advances-ში გამოქვეყნებულ კვლევაში, ამერიკელი და პოლონელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატები ამ დაავადების გამომწვევი კორონავირუსის, SARS-CoV-2-ის სწორედ ამ ფერმენტის დასაბლოკად უნდა შეიქმნას; მეცნიერებმა ამ ფერმენტს მოლეკულური „მაკრატელი“ უწოდეს.

ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ფერმენტ SARS-CoV-2-PLpro-ს სამგანზომილებიანი სტრუქტურა გაშიფრა. ამის შემდეგ, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, პოლონელმა ქიმიკოსებმა შექმნეს ორი მოლეკულა, რომლებიც ამ ფერმენტს ბლოკავს.

ამ მოლეკულებს VIR250 და VIR251 უწოდეს და ისინი ძალიან ეფექტიანად ბლოკავენ ფერმენტ SARS-CoV-2-PLpro-ის აქტივობას. ტეხასის უნივერსიტეტის მკვლევრის, შაუნ ელსენის განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ დროს ისინი პარალელურად არ რეაგირებენ ადამიანის სხვა ისეთ ფერმენტებთან, რომლებიც ასეთივე ფუნქციას ასრულებენ.

ამერიკელ მკვლევართა ჯგუფმა ფერმენტი SARS-CoV-2-PLpro ასევე შეადარა გასული ათწლეულის სხვა ორი კორონავირუსის, SARS-CoV-1-ისა და MERS-ის ასეთივე ფერმენტებს.

სხვადასხვა კორონავირუსში ამ ფერმენტებს შორის მსგავსებებისა და განსხვავებების დადგენამ შეიძლება, მეცნიერებს გაუადვილოს ისეთი პრეპარატების შექმნა, რომლებიც ეფექტიანად ბლოკავენ მრავალ სხვადასხვა ვირუსს.