ასეულობით წლის წინ, ანდების მთისწინეთში, ვიღაცამ დიდი ძალისხმევა გასწია, რომ ქედის მწვერვალზე, გრძელ ზოლად ათასობით ხვრელის გაეკეთებინა.
ამ სტრუქტურას მონტე-სიერპეს უწოდებენ და უცნობია, ვინ და რატომ გააკეთა. მსოფლიომ მის შესახებ პირველად 1933 წელს შეიტყო, როცა National Geographic Society-მ რობერტ შიპის მიერ გადაღებული აეროფოტო გამოაქვეყნა. არქეოლოგები ახლა ფიქრობენ, რომ პასუხს ბოლოს და ბოლოს მიაგნეს.
ხვრელებში აღმოჩენილი მცენარეული მასალების ანალიზი მიუთითებს, რომ თავდაპირველად ის შეიძლება ბაზრის როლს ასრულებდა, მოგვიანებით კი საანგარიშო სისტემის. კვლევა სიდნეის უნივერსიტეტის ჯგუფმა ჩაატარა არქეოლოგ ჯეიკობ ბონგერსის ხელმძღვანელობით.
„რატომ ამოთხარა უძველესმა ხალხმა 5000-ზე მეტი ხვრელი სამხრეთ პერუს მთისწინეთში? მებაღეები იყვნენ? წყალს მოიპოვებდნენ? სასოფლო-სამეურნეო დანიშნულება ჰქონდა? არ ვიცით, რატომ ამოთხარეს, მაგრამ მივიღეთ გარკვეულწილად იმედისმომცემი ახალი მონაცემები, რომლებიც მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდის და მხარს უჭერს ახალ თეორიებს ამ ძეგლის გამოყენების შესახებ“, — ამბობს ბონგერსი.
ადამიანები მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს დანიშნულების გარეშე არ აწარმოებენ; მონტე-სიერპე ლანდშაფტური ინჟინერიის მონუმენტური ნამუშევარია. ხვრელების გრძელი ზოლი სიგრძეში 1,5 კილომეტრია და სიგანეში 7-8 ხვრელისაგან შედგება. მოიცავს დაახლოებით 5200 ხვრელს, რომელთაგან ზოგიერთი გვერდებზე განზრახ არის გამაგრებული ქვებით.
მის გათხრას დიდი დაგეგმვა და დრო დასჭირდებოდა, რაც აჩენს კითხვას — ვინ და რატომ? შესაძლო ახსნებს შორის იყო მებაღეობა და ნისლის შეგროვებაც კი.
ბონგერსი და მისი კოლეგები მიჰყვნენ წინა კვლევას, რომლის მიხედვითაც, ამ ძეგლს ინკები დაბეგვრის სისტემად იყენებდნენ. არქეოლოგებმა ფართო საველე სამუშაოები ჩაატარეს, გადაიღეს დრონით, შეამოწმეს ხვრელებიდან აღებული დანალექების ნიმუშები, რათა განესაზღვრათ იქ არსებული მასალები, თუკი რაიმე ასეთი ოდესმე იყო იქ და რამდენი ხნის წინ.
ინკების იმპერია ამ რეგიონში დაახლოებით ახ. წ. 1400 წელს შევიდა; შესაბამისად, არქეოლოგები მუშაობდნენ იდეით, რომ მონტე-სიერპე ინკების ძეგლი იყო. თუმცა, ინკების კულტურა პირველი არ ყოფილა, ვინც იქ ცხოვრობდა; ამ რეგიონში მათ მოსვლამდე, იქ ასეულობით წლის განმავლობაში სახლობდა ჩინჩას კულტურა.
ერთ-ერთ ხვრელში აღმოჩენილი ნახშირის რადიონახშირბადულმა დათარიღებამ ცხადყო, რომ ის დაახლოებით 1320 – 1405 წლების პერიოდისაა — დრო, რომელიც მიუთითებს, რომ მასალა ინკებამდელია. თუ ასეა, სავარაუდოა, რომ ეს ძეგლი ჩინჩას კულტურამ ააგო ჯერ კიდევ ინკების მოსვლამდე. დროის ამავე პერიოდს უჭერს მხარს ზედაპირზე აღმოჩენილი კერამიკაც.

მკვლევართა განცხადებით, ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა ხვრელების შემცველობა. 19 ხვრელიდან აღებული დანალქების მიკრობოტანიკურმა ანალიზმა გამოავლინა სახამებელი და სიმინდის მარცვლების მტვერი, ჯიჯლაყასებრნი (ამარანტი), მარცვლოვნები და გოგრა.
აღმოჩენილ სხვა მცენარეულ მასალებს შორის იყო ფეტვისა და ტირიფის სახეობები, რომლებისგანაც კალათებს ამზადებდნენ. ერთობლივად, შედეგები მიუთითებს, რომ ერთ დროს, კალათებით მოჰქონდათ და ამ ხვრელებში ათავსებდნენ საკვებ მცენარეულობას.
„ძლიერ დამაინტრიგებელია. ის ალბათ ინკებამდელი ბაზრობა იყო. ცნობილია, რომ ესპანელების გამოჩენამდე, მოსახლეობა დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო. ალბათ მოძრავი ვაჭრები (ზღვაოსანი ვაჭრები და ლამების ქარავნები), სპეციალისტები (ფერმერები და მეთევზეები) და სხვაბი ამ ადგილას ერთობლივად მოდიოდნენ, რათა ერთმანეთში გაეცვალათ ადგილობრივი საქონელი, მაგალითად, სიმინდი და ბამბა“, — ამბობს ბონგერსი.
ძეგლის აეროგადაღებამ აჩვენა მახასიათებლები, რომლებიც ზედაპირიდან არც ისე აშკარაა. ხვრელები განლაგებულია ბლოკებად, რომლებიც, მკვლევართა განცხადებით, გამორჩეულად ჰგავს ინკების კიპუს — კვანძიებანი ძაფის დასათვლელ მოწყობილობას, რომელიც ანდების ამავე ხეობაშია აღმოჩენილი.
ეს იმაზე მიუთითებს, რომ მოგვიანებით, ინკები ამ თხრილებს გადასახადების შესაგროვებლად იყენებდნენ, ბეგარის ერთგვარ რეესტრად, რათა უზრუნველყოფილიყო შესაბამისი გადასახადების აკრეფა.

„არსებითად, ამ ხვრელებს სოციალური ტექნოლოგიის ერთგვარ ტიპად აღვიქვამ, რომელმაც ხალხი გააერთიანა და მოგვიანებით, ინკების იმპერიაში გახდა ფართომასშტაბიანი საანგარიშო სისტემა. ჯერ კიდევ მრავალი კითხვა რჩება — რატომ არის ეს მონუმენტი მხოლოდ აქ და არა ყველგან ანდებში? თუმცა, ამ იდუმალი ძეგლის ბოლომდე გაშიფვრას სულ უფრო ვუახლოვდებით“, — ამბობს ბონგერსი.
კვლევა ჟურნალ Antiquity-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.


