„მეცის“ სპორტული დირექტორი – დარწმუნებული ვარ, მიქაუტაძეს „აიაქსი“ დიდ თანხად გაყიდის #1TVSPORT

00:35, 28.11.2023

გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერი „აიაქსს“ საბოლოოდ დიდ შემოსავალს მოუტანს, – ამის შესახებ ნიდერლანდურ გამოცემა Ajax Showtime-თან ინტერვიუში საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცის“ სპორტულმა დირექტორმა, პიერ დრეოსიმ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე ერთ-ერთია იმ მოთამაშეებიდან, რომლის ტრანსფერშიც „აიაქსმა“ ზაფხულში ძალიან დიდ თანხა გადაიხადა – 16 მილიონი ევრო და შეიძლება, ეს თანხა ბონუსებით კიდევ სამი მილიონით გაიზარდოს.

დრეოსი თანხას არ აკონკრეტებს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მიქაუტაძეში გადახდილ თანხას ამსტერდამელები „ამოიღებენ“.

„მიუხედავად იმისა, რომ გიორგი მიქაუტაძე „აიაქსის“ მაისურით ჯერ კიდევ თავისი პირველი გოლის მოლოდინშია, ამსტერდამელთა გულშემატკივრებმა არ უნდა ინერვიულონ, რომ 16 მილიონი ევრო, რომელიც ფრანგულმა კლუბმა ზაფხულში „მეცში“ გადარიცხა, ფლანგვა იქნება.

მიქაუტაძე განსაკუთრებული ადამიანი და განსაკუთრებული მოთამაშეა. ის არც ისე მაღალია და არც ძალიან სწრაფი, მაგრამ ნებისმიერ დროს შეუძლია გოლის გატანა. ის საჯარიმოში ძალიან საშიში მოთამაშეა. ქართველის საუკეთესო პოზიცია ცალსახად თავდასხმაშია. ის კარგი დრიბლიორია და ბურთით ძალიან სწრაფია. „აიაქსში“ მიქაუტაძეს ამჟამად შემტევ ნახევარმცველად ან მეორე თავდამსხმელად იყენებენ. დარწმუნებული ვარ, მას შეუძლია, სეზონში 20 გოლის გატანა. მე არ ვარ გიჟი, ეს გიორგის ნამდვილად შეუძლია, იმ პირობით, თუ თავის საუკეთესო პოზიციაზე ითამაშებს.

რაც შეეხება მის ხასიათს, გიორგი ჭკვიანი და მშვიდი ბიჭია. ამ მხრივ, საგულისხმოა ის ფაქტი, რომ აგვისტოში, როცა უკვე ცხადი იყო, რომ „მეცს“ დატოვებდა, წყნარად განაგრძობდა თამაშს. „მეცისთვის“ მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა აღმოჩნდა, სამ მატჩში ორი გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. ბევრი მოთამაშე ასეთ ვითარებაში ტრავმის შესაძლო რისკის გამო აღარ ითამაშებდა. მიქაუტაძე კი თამაშს და ვარჯიშს აგრძელებდა და ეს მას, როგორც პიროვნებას, საუკეთესო კუთხით ახასიათებს. გიორგის ფანტასტიკური სულისკვეთება და კარგი მენტალიტეტი აქვს.

არ დავაკონკრეტებ, მიქაუტაძე „აიაქსმა“ ზაფხულში რა თანხად დაიმატა, მაგრამ იმ აზრს ნამდვილად ვერ დავეთანხმები, რომ სატრანსფერო საფასური ძალიან მაღალი იყო. მიქაუტაძეს სხვა კლუბები იწვევდნენ საფრანგეთში, იტალიასა და ინგლისში. თუმცა, ქართველმა მიიჩნია, რომ პრემიერლიგისთვის ჯერ მზად არ იყო და „აიაქსი“ შეგნებულად აირჩია. დამიჯერეთ, რამდენიმე წელიწადში „აიაქსი“ მას დიდ თანხად გაყიდის. ამაზე არ ინერვიულოთ“, – ამბობს Ajax Showtime-თანმეცის“ სპორტული დირექტორი.

მსგავსი