„მე ვარ საქართველო, გამარჯვების მჯერა“ - ფეხბურთის ფედერაციამ საქართველოს ნაკრების ახალი ჰიმნი წარადგინა [ვიდეო] #1TVSPORT
„მე ვარ საქართველო“ – ასე ჰქვია საქართველოს ეროვნული ნაკრების ახალ ჰიმნს, რომლის პრემიერა დღეს, რამდენიმე რადიოს ეთერში ერთდროულად გაიმართა.
„მე ვარ საქართველო, გამარჯვების მჯერა, მე ვარ შენი ძალა, შენი გულის ძგერა“, – ასეთი სიტყვებია ნაკრების ახალ ჰიმნში, რომელიც ერთა ლიგის ახალ გათამაშებამდე დაიწერა.
შეგახსენებთ, რომ 24 მაისს შედგა პრეზენტაცია, სადაც ფეხბურთის ფედერაციამ ქართული ფეხბურთის ახალი კონცეფცია წარადგინა – დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად, ეროვნული გუნდებისთვის ერთიანი ბრენდ-პლატფორმა შეიქმნა.
შეიცვალა ბრენდის ვიზუალური და ვერბალური იდენტობა და ახლა უკვე პირველად, ეროვნული გუნდები საკუთარი, უნიკალური დიზაინის მაისურებით ითამაშებენ, ხოლო ეროვნული ნაკრების თანამედროვე და ძლიერ ბრენდად ჩამოყალიბებისთვის, მყარი იდეოლოგიური საფუძვლის შექმნა გადაწყდა.
საქართელოს ნაკრების ახალი ჰიმნის მოსმენა ფეხბურთის ფედერაციის YouTube, Spotify და სხვა პლატფორმებზეა შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის ახალ გათამაშებას საქართველოს ნაკრები 2 ივნისს თბილისში იწყებს – ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე“ გიბრალტარს უმასპინძლებს, 12 ივნისამდე კი კიდევ სამ მატჩს გამართავს.