მე-18 დაწესებულების ექიმი - ჩვენთან მედპერსონალი გადმოყვანილია არა რესპუბლიკურიდან, როგორც ეს გიორგი გრიგოლიამ აღნიშნა, არამედ მუშაობენ ხელშეკრულებით და არიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები
მე-18 დაწესებულების ექიმი - ჩვენთან მედპერსონალი გადმოყვანილია არა რესპუბლიკურიდან, როგორც ეს გიორგი გრიგოლიამ აღნიშნა, არამედ მუშაობენ ხელშეკრულებით და არიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები

სამედიცინო დეპარტამენტის N18 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიული განყოფილების ექიმი სანდრო მათეშვილი აცხადებს, რომ მე-18 დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალი მუშაობს სახელშეკრულებო საფუძველზე და ისინი არიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები.

როგორც სანდრო მათეშვილმა აღნიშნა, მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სერტიფიცირებული, კვალიფიციური პერსონალი, რათა მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა.

„მინდა, დავაზუსტო ერთი დეტალი, რომელიც გაჟღერდა ექიმ გიორგი გრიგოლიას განცხადებაში, რომ დაწესებულებაში პერსონალი გადმოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან. ეს პერსონალი ჩვენთან მუშაობს ხელშეკრულების საფუძველზე და არიან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები. მე-18 დაწესებულებაში არსებობს ყველა რესურსი, სათანადო ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და სერტიფიცირებული, კვალიფიციური პერსონალი, რათა მოხდეს მოშიმშილე პაციენტების მკურნალობა, ასევე, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს დასჭირდება“, – განაცხადა ექიმმა.

ამასთან, ექიმის ინფორმაციით, მე-18 დაწესებულებას აქვს ხანგრძლივი გამოცდილება მოშიმშილე პაციენტების მართვის და ასევე შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაციის.

ექიმმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პაციენტ სააკაშვილის მდგომარეობა არის მუდმივი კონტროლის ქვეშ. დღეის მდგომარეობით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

სახალხო დამცველის ოფისთან შექმნილი ექიმების ჯგუფის წევრმა, კლინიკა „ღია გულის“ წარმომადგენელმა გიორგი გრიგოლიამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გუშინ მე-18 დაწესებულებაში მოინახულა და აღნიშნა, რომ ინტენსიური თერაპიის პალატა საკმაოდ კარგად აღჭურვილია, პერსონალი მოყვანილია რესპუბლიკური საავადმყოფოდან.