მძლეოსნობის ტურნირებზე რუს და ბელარუს სპორტსმენებს ისევ არ დაუშვებენ #1TVSPORT
მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია აპირებს, შეინარჩუნოს აკრძალვა საერთაშორისო ტურნირებზე რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობაზე, – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა, სებასტიან კოემ.
2023 წლის მარტში ფედერაციის საბჭომ გააგრძელა რუსი და ბელარუსი მძლეოსნების დისკვალიფიკაციის ვადა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო და არ აპირებს ამ გადაწყვეტილების გაუქმებას.
„ჩვენი პოზიცია ზედმიწევნით ცხადია. გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ მიიღო და, ჩვენი აზრით, საუკეთესო იყო სპორტის ინტერესებიდან გამომდინარე, უცვლელი რჩება. მე შევქმენი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუდმივად ადევნებს თვალს სიტუაციას. ამ მომენტისთვის დარწმუნებულნი ვართ, რომ ამჟამინდელ გარემოებებში ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, ის ძალაში რჩება და ჩვენ მას დავიცავთ, თუ ამის საჭიროება იქნება. მაგრამ თუ ამ გადაწყვეტილების შეცვლის საშუალება მოგვეცემა, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას გავაკეთებთ. სისულელეა, მუდმივად იძახო „არა“. მაგრამ დღევანდელი სიტუაცია, რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, უბრალოდ კი არ შეცვლილა, არამედ სინამდვილეში კიდევ უფრო უარესი გახდა“, – მოჰყავს კოეს სიტყვები ფრანგულ გაზეთ L’Équipe-ს.