მძიმე წონით დივიზიონს ახალი მეფე ჰყავს - ფრენსის ნგანუმ სტიპე მიოჩიჩი ბრუტალური ნოკაუტით დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
გუშინ ლას ვეგასში UFC 260 გაიმართა. მძიმე წონით დივიზიონს ახალი ჩემპიონი ჰყავს. სტიპე მიოჩიჩისა და ფრენსის ნგანუს რემატჩი სრულიად განსხვავებული სცენარით წარიმართა. პირველი ბრძოლა, რომელიც 2018 წელს შედგა, ხორვატის სრული უპირატესობით წარიმართა და მაშინ სტიპემ ჩემპიონის ქამარი დაიცვა. ამჯერად კი უდიდესი ძალის მქონე აფრიკელი ათლეტი ბრძოლას გაცილებით მომზადებული შეხვდა.
პირველი დაპირისპირებისგან განსხვავებით, ნგანუ გაცილებით დინჯად და ტაქტიკურად სწორად წარმართავდა ბრძოლას. მიოჩიჩს გდების გაკეთების მცდელობაც ჰქონდა, თუმცა ფრენსისმა თავი კარგად დაიცვა. უნდა აღინიშნოს, რომ ნგანუს მომზადებაში ნახევრად საშუალო წონითი დივიზიონის ნიგერიელი ჩემპიონი – კამარუ უსმანი ეხმარებოდა. ის ასევე ნგანუს ბრძოლის დროს კუთხეში ედგა.
მეორე რაუნდში ნგანუმ სტიპეს რამდენიმე სერიოზულად მძიმე დარტყმა გაუტარა. საბოლოოდ, ფრენსისმა ბრუტალურ ნოკაუტში გაუშვა სტიპე მიოჩიჩი და მძიმე წონითი დივიზიონის ჩემპიონი გახდა.
ბრძოლის დასრულების შემდეგ ნგანუმ განაცხადა, რომ ჯონ ჯონსთან სურს მომდევნო დაპირისპირების გამართვა, რასაც „ბოუნსმა“ მალევე უპასუხა: „დამანახეთ ფული“, – ასეთი პოსტი გამოაქვეყნა მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე.