მცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
მცხეთის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა

გარემოს  დაცვისა  და  სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის  დეპარტამენტის  თანამშრომლებმა,  პრევენციული ღონისძიების  გატარების  შედეგად,  ხე-ტყის  უკანონო  ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთის მუნიციპალიტეტში გაჩერებული ავტომანქანის ძარაზე, ფიჭვის სახეობის 5 კუბური მეტრი პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი  იყო განთავსებული. მძღოლმა   ხე-ტყის  წარმოშობის  დამადასტურებელი  დოკუმენტი წარადგინა, რომელიც  სოციალური  ჭრის  მიზნით  იყო  გაცემული  და  რეგიონის  საზღვრებს გარეთ ხე-ტყის ტრანსპორტირებას კრძალავდა.

სოციალური  ჭრის  საფუძველზე  მოპოვებული  ხე-ტყის  ან  მისგან  მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება აკრძალულია იმ მუნიციპალიტეტების ჯგუფის ან ავტონომიური რესპუბლიკის  ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებს  გარეთ, რომლის ფარგლებშიც სოციალური ჭრის წესით ხე-ტყის  დამზადება განხორციელდა.

ავტომანქანა დაილუქა. საქმის  მასალები შემდგომი  რეაგირების  მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.