მჭედლიშვილმა „გორიცა“ დატოვა - შემოთავაზებები არის და მალე გაირკვევა, სად ვითამაშებ
გიგი მჭედლიშვილმა ხორვატულ საფეხბურთო კლუბ „გორიცასთან“ კონტრაქტის გაგრძელება აღარ ისურვა და კლუბსა და მის გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადებით დაემშვიდობა.
„მადლობა „გორიცას“ ყველა წევრს, პრეზიდენტს, სპორტულ დირექტორს, მწვრთნელებსა და ბიჭებს, რომლებთან ერთადაც ვითამაშე. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ყველა თამაშში მხარს გვიჭერდნენ. აქ გატარებული დრო არასოდეს დამავიწყდება. მომდევნო სეზონში გუნდს წარმატებას ვუსურვებ. მადლობა ყველას“, – წერია 26 წლის მცველის პოსტში.
გიგი მჭედლიშვილი ხორვატიაში 2018 წლის დასაწყისში გადავიდა და „გორიცას“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა. წამოსვლის მიზეზები მცველმა საქართველოს პირველ არხთან განმარტა.
„ჩემმა ყოფილმა გუნდმა ხორვატიის მთავარ ლიგაში სეზონი მე-5 ადგილზე დაასრულა და ევროპის ლიგაზე გასასვლელად ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა. გუნდის მადლიერი ვარ ყველაფრისთვის, „გორიცაში“ კარგი ორი წელი გავატარე, მაგრამ ახალი გარემო და გამოწვევები მიზიდავდა, ახალი კონტრაქტის პირობებიც არ მაკმაყოფილებდა. მადლობა გადავუხადე და წამოვედი. არის შემოთავაზებები – ველაპარაკე ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გუნდების მენეჯერებს, ასევე სხვა ხორვატული კლუბის წარმომადგენელს. მალე გაირკვევა, ამ ვარიანტებიდან რეალური რომელია“, – ამბობს მჭედლიშვილი.