გიგი მჭედლიშვილმა ხორვატის საფეხბურთო კლუბი „გორიცა“ დატოვა და კარიერას ლატვიურ „ვენტსპილსში“ გააგრძელებს.
27 წლის მცველმა საქართველოს პირველ არხთან განაცხადა, რომ სხვა ქვეყანაში თამაში სურდა, მაგრამ ყველაზე რეალური ლატვიელთა წინადადება აღმოჩნდა.
„საინტერესო შემოთავაზებები მქონდა – ველაპარაკე ჩეხეთის, პოლონეთის, უნგრეთისა და სლოვაკეთის გუნდების მენეჯერებს, ასევე სხვა ხორვატული კლუბის წარმომადგენელს. სამწუხაროდ, არცერთი ეს ვარიანტი არ გამოვიდა. კონკრეტულად შემიძლია გითხრათ, რომ ჩეხეთში „ტეპლიცეს“ ვარიანტი ბოლო მომენტში ჩაიშალა, რადგან მენეჯერი თანხაზე ვერ შეუთანხმდა. საბოლოოდ, ლატვიაში თამაში გადავწყვიტე. „ვენსტპილსს“ შევუთანხმდი და ორწლიან კონტრაქტს მოვაწერე ხელი. 11 ივლისიდან შემეძლება ახალი კლუბის ფორმით ვითამაშო“, – ამბობს მჭედლიშვილი.
გიგი მჭედლიშვილი ხორვატიაში 2018 წლის დასაწყისში „სამტრედიიდან“ გადავიდა და „გორიცას“ ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა.