მცენარის/ცხოველის სელექციონერს საშუალება ექნება, მის მიერ გამოყვანილი მცენარის/ცხოველის ახალ ჯიშებზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლება მიიღოს
მცენარის/ცხოველის სელექციონერს საშუალება ექნება, მის მიერ გამოყვანილი მცენარის/ცხოველის ახალ ჯიშებზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლება მიიღოს

მცენარის/ცხოველის სელექციონერს საშუალება ექნება, მის მიერ გამოყვანილი მცენარის/ცხოველის ახალ ჯიშებზე სელექციონერის განსაკუთრებული უფლება მიიღოს და საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა დაიცვას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ექსპორტისას.

შესაბამისი ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს, რომელიც ბიუროს სხდომას ხვალ წარედგინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ განისაზღვრება გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლებამოსილება კომპეტენტური პირის განსაზღვრის შესახებ მცენარის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებაზე და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების მიზნით. თავის მხრივ კი, „საქპატენტი“ უზრუნველყოფს სელექციონერისთვის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭებას და ოფიციალური ბიულეტენის გამოცემის გზით საზოგადოების ინფორმირებას ცხოველის ან მცენარის ახალი ჯიშების განაცხადებისა და სელექციონერის განსაკუთრებული უფლების მინიჭების შესახებ.

ინიციატორები განმარტავენ, რომ ცვლილებების მიღება გამოწვეულია მცენარის სელექციონერის დაუცველობით. კერძოდ, მათი ცნობით, სელექციონერი ახალი ჯიშის გამოყვანის შემდგომ ვერ ახერხებს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების შესაბამის რეგისტრაციას, რამდენადაც საქართველოში არ არსებობს აკრედიტირებული სუბიექტი, რომელიც მოახდენს სელექციონერის განსაკუთრებული უფლების რეგისტრაციისთვის აუცილებელ მცენარის გამოცდას განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე. დეპუტატების ინფორმაციით, ასეთი მომსახურების საზღვარგარეთ მიღებასთან დაკავშირებული ხარჯები არარენტაბელურს ხდის სელექციონერის განსაკუთრებული უფლების დაცვის პროცესს.

კანონპროექტის ინიციატორები, დეპუტატები ნინო წილოსანი, გელა სამხარაული, გიორგი ცაგარეიშვილი, ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხატია წილოსანი არიან.