მბაპემ და პსჟ-ის პრეზიდენტმა „ტულუზასთან“ მატჩის წინ იჩხუბეს #1TVSPORT
კილიან მბაპეს გამოთხოვება „პარი სენ-ჟერმენთან“ ისე არ წარიმართა, როგორც ამას ვარსკვლავური ფრანგი ფორვარდი ისურვებდა.
ლიგა 1-ში კილიანის ბოლო საშინაო მატჩში „ტულუზას“ წინააღმდეგ გულშემატკივართა უმრავლესობა უსტვენდა, როცა სტადიონზე დიქტორმა სასტარტო შემადგენლობის გამოცხადებისას მბაპეს გვარი ამოიკითხა. მაგრამ ყველაზე უსიამოვნო ეპიზოდი უფრო ადრე მოხდა.
როგორც გაზეთი Le Parisien-ი წერს, მატჩის წინ პსჟ-ის პრეზიდენტი ნასერ ალ-ჰელაიფი მბაპეს ცალკე ოთახში შეხვდა პირადი საუბრისთვის. მათ ერთი ერთზე დიალოგი არ ჰქონიათ თებერვლის შემდეგ, როცა ფორვარდმა პრეზიდენტს განუცხადა, რომ აღარ გააგრძელებდა კონტრაქტს პარიზულ კლუბთან.
საუბრის დროს ალ-ჰელაიფიმ ჰკითხა მბაპეს, გამოსათხოვარ ვიდეოში მთელი გუნდისთვის და პერსონალისთვის მადლობის გადახდისას რატომ არ თქვა არცერთი სიტყვა კლუბის პრეზიდენტზე?
საბოლოოდ, როგორც თვითმხილველები ამბობენ, მბაპესა და ალ-ჰელაიფის შორის სერიოზული სკანდალი მოხდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა.
იტყობინებიან, რომ ალ-ჰელაიფისთან ცუდი ურთიერთობების გამო, პრაქტიკულად, გამორიცხულია კარიერის ბოლოს მბაპეს პსჟ-ში დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ მბაპეს ახალი კლუბი მადრიდის „რეალი“ იქნება. ელოდებიან, რომ ოფიციალურად ამის შესახებ ცნობილი გახდება ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, რომელშიც „რეალი“ 1 ივნისს „დორტმუნდს“ შეხვდება.