მბაპე - როცა ფინალური მატჩი დასრულდა, მესისთან მივედი და გამარჯვება მივულოცე #1TVSPORT
საფრანგეთის ნაკრებისა და პსჟ-ს თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიხსენა და თქვა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, თანაგუნდელ ლიონელ მესისთან მივიდა და ჩემპიონობა მიულოცა.
„მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი რომ დასრულდა, მესისთან მივედი და გამარჯვება მივულოცე. ეს გამარჯვება მესისთვის მთელი ცხოვრების მიზანი იყო, ისევე როგორც ჩემთვის, მაგრამ მე იღბალმა მიღალატა. სწორედ ამიტომ თამაში უნდა გავაგრძელო და კარგ ფეხბურთელად დავრჩე“, – განაცხადა მუნდიალის ვერცხლისმედალოსნმა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ჰეთ-თრიქის შემსრულებელმა, საფრანგეთის ნაკრების ლიდერმა, კილიან მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კატარში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ტიტულის მოსაპოვებლად ერთმანეთს არგენტინა და საფრანგეთი დაუპირისპირდნენ. მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი, უხვგოლიანი, დაძაბული და გამორჩეული ფინალი არგენტინელების გამარჯვებით დასრულდა, რომლებმაც საფრანგთის უძლიერესი ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხეს (3:3, 4:2).