მბაპე აშშ-ში „რეალის“ ტურნეს გამოტოვებს, მაგრამ უეფა-ს სუპერთასზე ითამაშებს #1TVSPORT
კილიან მბაპე არ გაემგზავრება „რეალთან“ ერთად ტურნეში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებშია დაგეგმილი.
ესპანეთის ჩემპიონი აშშ-ში 28 ივლისს გაფრინდება და იქ სამ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს „მილანის“, „ბარსელონასა“ და „ჩელსის“ წინააღმდეგ.
გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ და თავად მბაპემ მიზანშეწონილად მიიჩნიეს ფეხბურთელის ფიზიკურად და მორალურად დასვენება ახალ კლუბში კარიერის სტარტის წინ.
კლუბში გადაწყვიტეს, რომ, მგზავრობის ნაცვლად, მბაპე ახალ პარტნიორებთან ერთად წინასასეზონო მზადებას 7 აგვისტოს „რეალის“ ბაზაზე დაიწყებს. კლუბის მიერ შედგენილი გეგმის თანახმად, ფრანგი ვარსკვლავი 14 აგვისტოს ვარშავაში ითამაშებს უეფა-ს სუპერთასზე ბერგამოს „ატალანტას“ წინააღმდეგ.