„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდი მაურო იკარდი, შესაძლოა, იტალიაში დაბრუნდეს. არგენტინელი ფეხბურთელით „იუვენტუსია“ დაინტერესებული.
როგორც იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა, ფრანგული კლუბი მზად არის იკარდი „იუვენტუსში“ გაუშვას, მაგრამ მხოლოდ ერთი პირობით. პარიზელებს სურთ არგენტინელი იჯარით მისცენ იტალიელებს და იმის გარანტია მიიღონ, რომ ტურინელები მომავალი წლის ზაფხულში გამოისყიდიან იკარდის.
„იუვენტუსის“ წარმომადგენლები ჯერ ვერ ჩამოყალიბდნენ – ღირს თუ არა ასეთ პირობებზე დათანხმება.
იკარდის მოქმედი კონტრაქტი პსჟ-სთან 2024 წლის ზაფხულში იწურება.
შეგახსენებთ, რომ იკარდი „პარი სენ-ჟერმენში“ „ინტერიდან“ გადავიდა. ფრანგულ გუნდში მან ყველა ტურნირზე 66 მატჩი ჩაატარა და 35 გოლი გაიტანა.