მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ, „ვაგნერის“ დაქირავებული 100 მებრძოლი სუვალკის დერეფნისკენ გადაადგილდება
მათეუშ მორავიეცკი აცხადებს, რომ, „ვაგნერის“ დაქირავებული 100 მებრძოლი სუვალკის დერეფნისკენ გადაადგილდება

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მათეუშ მორავიეცკის თქმით, „ვაგნერის“ დაქირავებული 100 მებრძოლი სუვალკის დერეფნისკენ გადაადგილდება. ამის შესახებ ინფორმაციას RMF FM-ი ავრცელებს.

„ახლა ვითარება კიდევ უფრო სახიფათო ხდება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ვაგნერის ჯგუფის 100-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაიძრა სუვალკის დერეფნისკენ, გროდნოს მახლობლად, ბელარუსში“, – თქვა მორავიეცკიმ.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეს არის ნაბიჯი პოლონეთის ტერიტორიაზე ჰიბრიდული თავდასხმისკენ.

„ისინი, სავარაუდოდ, ბელარუს მესაზღვრეებად იქნებიან გადაცმული და დაეხმარებიან არალეგალ მიგრანტებს პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლაში, პოლონეთის დესტაბილიზაციაში, მაგრამ ისინი ასევე შეეცდებიან პოლონეთის ტერიტორიაზე შესვლას არალეგალი მიგრანტების სახით და ეს დამატებით რისკებს ქმნის“, – აცხადებს პოლონეთის პრემიერი.

მორავიეცკი ასევე აღნიშნავს, რომ პოლონეთი ბოლო ორი წლის განმავლობაში თავის საზღვარზე მუდმივ თავდასხმებს განიცდის. მხოლოდ წელს 16 000 მცდელობა იყო საზღვრის უკანონოდ კვეთის იმ მიგრანტების მიერ, რომლებიც მოტყუებული არიან რუსეთისა და ბელარუსიის პრეზიდენტების მიერ.

შეგახსენებთ, სუვალკის დერეფანი პოლონეთს აკავშირებს ბალტიისპირეთის ქვეყნებთან, იმავდროულად, ერთმანეთისგან ყოფს რუსეთის კალინინგრადის ოლქსა და ბელარუსს.