მატეუშ მორავეცკი - პოლონეთი და იტალია ევროკავშირის ბიუროკრატიით დაიღალნენ
მატეუშ მორავეცკი - პოლონეთი და იტალია ევროკავშირის ბიუროკრატიით დაიღალნენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ პოლონეთი და იტალია ევროკავშირის ბიუროკრატიით დაიღალნენ. ამის შესახებ განცხადება მატეუშ მორავეცკიმ იტალიურ მედიასთან ინტერვიუში გააკეთა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

მისი თქმით, პოლონელებსა და იტალიელებს „რეალური დემოკრატია სურთ“ და არა „ევროპული სუპერსახელმწიფო“. მორავეცკის განცხადებით, ვარშავასა და რომს „ევროკავშირის განახლება უნდათ“.

„სამშობლოთა ევროპა და არა ევროპული სუპერსახელმწიფო. ჩვენ, ორივე, ვეთანხმებით ამას. პოლონელები და იტალიელები დაიღალნენ ევროპული ბიუროკრატიის დიქტატით და რეალური დემოკრატია სურთ. ჩვენ გვინდა, განვაახლოთ ევროკავშირი მის სადამფუძნებლო პრინციპებთან დაბრუნებით“, – განაცხადა მორავეცკიმ.

პოლონეთის მთავრობის მეთაურის თქმით, კიდევ ერთი საკითხი, რაზეც იტალიასა და პოლონეთს საერთო პოზიცია აქვთ, უკრაინის მხარდაჭერაა და ის, რომ „ვლადიმერ პუტინის ნეოიმპერიალისტული პოლიტიკა არის საფრთხე არა მხოლოდ კიევისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის“.

ჟურნალისტმა მორავეცკის სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე, რომელშიც ჯორჯია მელონი ამბობს, რომ გერმანიისა და საფრანგეთის პოზიციას უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ, რაზეც პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ბერლინის კრიტიკით უპასუხა.

„ჩვენ უკვე ვიხდით საფასურს გერმანელი პოლიტიკოსების შეცდომებისთვის, მაგრამ ყველაფერი ბერლინის გადასაწყვეტი რომ იყოს, ახლა ბუნებრივი აირი გაცილებით ძვირი იქნებოდა“, – განაცხადა მორავეცკიმ.