მატეო სალვინი – ევროპარლამენტში 150-კაციანი ჯგუფის შექმნას შევძლებ

15:47, 27.05.2019

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრისა და ულტრამემარჯვენე პარტია „ლიგის“ ლიდერი მატეო სალვინი აცხადებს, რომ ის ევროპარლამენტში 150-კაციანი ჯგუფის შექმნას შეძლებს. ამის შესახებ სალვინიმ მილანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მე უკვე ვესაუბრე მარინ ლე პენს, ვიქტორ ორბანს, ნაიჯელ ფარაჯს. მჯერა, რომ ევროპარლამენტში შევქმნით ჯგუფს, რომელშიც 150 დეპუტატი იქნება“, – განაცხადა სალვინიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, სალვინის „ულტრამემარჯვენე პარტიამ“ იტალიაში გაიმარჯვა. საფრანგეთში პირველ ადგილზე გავიდა მარინ ლე პენის „ნაციონალური გაერთიანება”, ხოლო უნგრეთში ხმების უმრავლესობა მმართველმა პარტია „ფიდესმა“ მიიღო.

წინასწარი შედეგების მიხედვით, ევროპარლამენტის ყველაზე გავლენიანი ორი პოლიტიკური ჯგუფი „ევროპის სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ დამოუკიდებლად უმრავლესობის ფორმირებას ვერ შეძლებენ.

მსგავსი