2018 წლის 18 აგვისტოს სამხრეთული სანაკრებო რაგბის მთავარი ტურნირი „რაგბი ჩემფიონშიფი“ აიღებს სტარტს. ტურნირის გახსნითი მატჩი ხვალ, 13:45 საათზე დაიწყება და ავსტრალია ახალ ზელანდიას სიდნეიში, „ეი-ენ-ზეთ სთედიუმზე“ უმასპინძლებს.
ამ მატჩს სატურნირო მნიშვნელობის გარდა სხვა დატვირთვაც აქვს. ნაკრებებს შორის 1930-იანი წლებიდან „ბლედისლოუს თასი“ თამაშდება. „ბლედისლოუს“ შარშან ახალი ზელანდია დაეუფლა. პირველ ორ შეხვედრაში მათ ავსტრალია დაამარცხეს, მაგრამ ბოლო მატჩში, რომელიც ბრისბენში გაიმართა, ავსტრალიამ მეტოქის ხუთქულიანი სხვაობით (23-18) დამარცხება მოახერხა და ეს მათ ხვალინდელ მატჩში თავდაჯერებულობას შემატებს.
საგულისხმოა, რომ ავსტრალიელებმა ამ გამარჯვებით ახალ ზელანდიასთან 2015 წელს დაწყებული შვიდ მატჩიანი წაგების სერია დაასრულეს. თუკი „ოზებს“ წელსაც სურთ „ოლ ბლექსის“ დამარცხება, მათ აუცილებლად უნდა დაივიწყონ შარშან, სიდნეიში, იმავე სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა, რომელსაც პირველი ტაიმის შემდეგ 40-6-ს აგებდნენ.
მასპინძლებს შემადგენლობის მხრივ საკმაოდ ძლიერი გუნდი ჰყავთ. მაიკლ ჰუპერი, დეივიდ ფოქოქი, ტატაფუ პოლოტა-ნაუ, ისრაელ ფოლაუ, ბერნარდ ფოლი, ვილ გენია და ქერთლი ბილი გუნდის ლიდერები არიან და ვინც რაგბის დიდი ხანია უყურებს ყველამ იცის, რომ ამ მორაგბეებს მსოფლიოს საუკეთესო გუნდის დამარცხების უნარი აქვთ.
მათ შორის ყველაზე სახიფათო კი ისრაელ ფოლაუა, რომელმაც ახალი ზელანდიელების წინააღგმდეგ ჩატარებულ 15 მატჩში მეტოქეს 6 ლელო დაუდო. „ოლ ბლექსის“ წინააღგმდეგ მეტი ლელო მხოლოდ ადამ ეშლი კუპერს (9, ავსტრალია), დევიდ კამპეზის (8, ავსტრალია), ბრაიან ჰაბანას (8, სამხრეთ აფრიკა) და მეტ ბურკს აქვთ (7, ავსტრალია).
ამასობაში ახალმა ზელანდიამ ორი გამოცდილი ლიდერი დაიბრუნა – გუნდის კაპიტანი ქირენ რიდი და მეორე ხაზელი ბროდი რეტალიკი. შემადგენლობაში იქნება რეტალიკის მეწყვილე, ლუქ ვაითლოქიც, რომლისთვისაც ეს შავ ფორმაში ჩატარებული მე-100 შეხვედრა იქნება. ორი მხტომელი ერთად 47-ე ტესტ მატჩში იასპარეზებს.
„შავების“ მთავარმა მწვრთნელმა, სტივ ჰენსენმა მატჩის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
„ჩვენ სიდნეიში გასამართ შეხვედრას დიდი ხანია ველით. ვიცით, რომ ავსტრალიას ძლიერი გუნდი ჰყავს და ჩვენც საუკეთესოდ მოვემზადეთ. ბლედისლოუს თასი ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამას შაბათს აუცილებლად დავამტკიცებთ. ჩვენ ასეთი განწყობა გვაქვს – ამ თასს ახლა მფლობელი არ ჰყავს და ჩვენ ეს ჯილდო უნდა დავიმსახუროთ.“ – განაცხადა ჰენსენმა.
მნიშვნელოვანი მოთამაშეები:
ავსტრალია: „ვოლაბების“ კაპიტანი მაიკლ ჰუპერს თამაშში გარდატეხის შეტანის უნარი აქვს. ის განსაკუთრებით ძლიერი რაქებში თამაშისასაა და გუნდისთვის ბურთის მოპოვების უნარი აქვს, რაც ამ შეხვედრაში შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს.
ახალი ზელანდია: აქ საკამათო ბევრი არაფერია – ახალ ზელანდიელი მგეზავი, ბოდენ ბარეტი ორჯერ ზედიზედ გახდა მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე. წელს მის კონკურენტ რიჩი მო’უნგას საოცარი საკლუბო სეზონი ჰქონდა, თუმცა სტივ ჰენსენი მაინც ბარეტს ენდობა და მორაგბე ყველანაირად ეცდება მასზე გაცემული ავანსი სრულად გაამართლოს.
წინა შედეგები:
2017 – ავსტრალია 23-18 ახალი ზელანდია
2017 – ახალი ზელანდია 35-29 ავსტრალია
2017 – ახალი ზელანდია 54-34 ავსტრალია
2016 – ახალი ზელანდია 37-10 ავსტრალია
2016 – ახალი ზელანდია 29-9 ავსტრალია
2016 – ახალი ზელანდია 42-8 ავსტრალია
2015 – ახალი ზელანდია 34-17 ავსტრალია (მსოფლიო თასის ფინალი)