მატჩის გმირი უმაღლესი შეფასებით - Besoccer-მა შოტლანდიასთან მატჩში ლორთქიფანიძე გამოარჩია #1TVSPORT
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი დაჩი ლორთქიფანიძე ბრიტანულმა გამოცემა Besoccer-მა შოტლანდიასთან ელიტრაუნდის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და მაღალი შეფასება დაუწერა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები იტალიაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველ ტურში ჩეხეთთან 0:1 დამარცხდა. ფინალურ ეტაპზე გასვლის შანსის შესანარჩუნელად მეორე ტურში შოტლანდიასთან ვასილ მაისურაძის გუნდს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს.
ქალაქ მანძანოში გამართულ ურთულეს შეხვედრაში ქართველმა ახალგაზრდებმა მიზანს მიაღწიეს და შოტლანდიის ნაკრები 3:2 დაამარცხეს. ანგარიში 2:2 იყო, როდესაც 70-ე წუთზე დაჩი ლორთქიფანიძემ შოტლანდიელებს გადამწყვეტი გოლი გაუტანა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
„კრემონეზეს“ დუბლების ქართველ კაპიტანს ბრიტანულმა გამოცემა Besoccer-მა 10-ბალიან სისტემაში უმაღლესი შეფასება, 10 ქულა დაუწერა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. 9,2 ქულა მიიღო ცოტნე ბერელიძემ, ხოლო ალეკო ბასილაძემ – 7,7. შოტლანდიელებიდან კი საუკეთესო ქულა რორი ვილსონმა (6,7) დაიმსახურა.
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდის ბოლო შეხვედრას 26 მარტს გამართავს. მაისურაძის გუნდი თბილისის დროით 17:30 საათზე მასპინძელ იტალიას დაუპირისპირდება.