მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი დღეს გაიმართება
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი დღეს გაიმართება

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი დღეს, 19:30 საათზე ილიას ბაღში, „გარდენ ჰოლში“ გაიმართება, – ამის შესახებ ინფორმაციას „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი მასწავლებლის მსოფლიო დღეს იმართება.

„მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ცნობით, ცერემონიალზე ხუთი ფინალისტიდან ერთ-ერთი ჯილდოს მფლობელი გახდება, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი 10 000 ლარს გადასცემს, ხოლო დანარჩენ ოთხ ფინალისტს დააჯილდოებს ლიბერთი ბანკი.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ კოალიციის „განათლება ყველასათვის – საქართველო“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა.

როგორც „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინიციატივა საქართველოში უკვე მეორედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „TheGlobal Teacher Prize“ ნაწილია.

„ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში წელს 104 მასწავლებელი ჩაერთო, მათგან საუკეთესო ხუთეული განათლების სფეროსა და საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეარჩია.

2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ხუთეულის წევრები არიან: ელისო აბრამიშვილი – ქალაქ საჩხერის სსიპ ილია ჭავჭავაძის #2 საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელი; ჯაბა ლაბაძე – დაბა სურამის №2 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი; ლელა კოტორაშვილი – თბილისის წმ. გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; დაჩი ნანობაშვილი – თბილისის საერთაშორისო აკადემია ლოგოსის მათემატიკის მასწავლებელი; მანანა კაპეტივაძე – ქალაქ ბაღდათის №1 საჯარო სკოლის ინგლისურისა და რუსული ენების მასწავლებელი;

ჯილდოს გენერალური მხარდამჭერია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. ჯილდოს პარტნიორები არიან „ლიბერთი ბანკი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ და ტელეკომპანია „იმედი“.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ წარდგენას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

დატოვე კომენტარი