მასუდ ფეზეშქიანი – ირანი არ ქმნის ბირთვულ იარაღს, თუმცა მუქარისა და ძალისმიერ ენას არასდროს მიიღებს
გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ვრცლად ისაუბრა არსებულ კრიზისზე, ქვეყნის ბირთვულ პროგრამასა და უსაფრთხოების გამოწვევებზე.
„ჩვენ ვართ ტერორიზმის მსხვერპლი და არა ტერორისტები“, – განაცხადა ფეზეშქანმა.
ირანის ლიდერმა უარყო ოფიციალური ვაშინგტონის ბრალდებები ირანის ტერორიზმთან კავშირზე და განაცხადა, რომ თეირანი თავად არის ამერიკული და ისრაელის პოლიტიკის მსხვერპლი.
„ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტერორისტებად მოგვიხსენია. ჩვენ ტერორიზმის მსხვერპლნი ვართ. მე მოვდივარ ირანიდან, სადაც უდანაშაულო ბავშვები იღუპებოდნენ იმ იარაღით, რომელსაც აშშ და ისრაელი იყენებენ. ისინი არიან ვინც აფინანსებს, წვრთნის და იცავს ტერორისტებს, ჩვენ კი მხოლოდ საკუთარ თავს ვიცავდით. ჩვენ არ ვართ ტერორისტები,“ – განაცხადა ფეზეშქიანმა.
პრეზიდენტმა ისრაელი ღაზას სექტორში 80 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობასა და გენოციდში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ პალესტინელი ხალხის წინააღმდეგობას ბომბებითა და ალყით ვერავინ გაანადგურებს.
„პალესტინა რჩება ღია იარად საერთაშორისო საზოგადოების ცნობიერებაში. როდესაც ადამიანს დევნიან საკუთარი მიწიდან და ბომბავენ მის სახლს, ის დაიცავს თავს. ეს ადამიანური ბუნებაა. რა არჩევანი აქვთ მათ? დაემორჩილონ ძალადობას და ჩუმად იყვნენ? ხოლო როდესაც თავს იცავენ, ტერორისტების იარლიყს აწებებენ“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.
ირანის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არსებულ „ორმაგ სტანდარტებზე“ ბირთვულ შეიარაღებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვა ისრაელის პრივილეგირებულ მდგომარეობას.
„ისრაელს აქვს ბომბები და მასობრივი განადგურების იარაღი; ის არ არის ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ შეთანხმების წევრი და თავისი სამარცხვინო არსებობის განმავლობაში არცერთი ინსპექტირება არ დაუშვია. თუმცა მას აძლევენ ყველა საჭირო საშუალებას, რათა რეგიონის ნებისმიერი დედაქალაქი საკუთარი სურვილისამებრ დაბომბოს. ბირთვული იარაღი ისრაელშია, ინსპექტორები კი – ირანში. კლავს ისრაელი, სანქციები კი ირანს უწესდება. ეს ნამდვილი ტრაგედიაა. ისინი კლავენ, ჩვენ კი სანქციებს გვიწესებენ და გვსჯიან“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.
ფეზეშქიანის თქმით, ირანი არ გეგმავს ბირთვული იარაღის შექმნას, თუმცა ვერანაირი სანქციები ვერ აიძულებს ქვეყანას, უარი თქვას მშვიდობიანი ატომური ენერგეტიკის განვითარებაზე, რაც აუცილებელია მედიცინის, სოფლის მეურნეობისა და ინდუსტრიისთვის.
„ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ: არა ბირთვულ იარაღს და არა ყოველგვარ შეზღუდვას მშვიდობიან ბირთვულ ტექნოლოგიაზე. ჩვენი სამხედრო ძალა მხოლოდ თავდაცვას ემსახურება, რათა არავინ იფიქროს, რომ ირანის ქალაქების დაბომბვა უპასუხოდ დარჩება. საკუთარი ქვეყნის დასაცავად ჩვენ არავის ნებართვა არ გვჭირდება“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
ირანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ახლო აღმოსავლეთში უსაფრთხოება საგარეო ძალების ჩარევის გარეშე, მხოლოდ რეგიონის ქვეყნების თანამშრომლობით უნდა დამყარდეს, მან ასევე ისაუბრა ჰორმუზის სრუტის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.
„ჩვენ არ ვუყურებთ მეზობლებს, როგორც უსაფრთხოების კონკურენტებს. თუმცა, მიუღებელია, რომ ზოგიერთებს თავისუფალი წვდომა ჰქონდეთ ჰორმუზის სრუტეზე და სარგებელს იღებდნენ, იმავდროულად კი ამ წყლებს ჩვენს წინააღმდეგ აგრესიისა და უსაფრთხოების დარღვევისთვის იყენებდნენ“, – აღნიშნა მან.
ირანის პრეზიდენტმა პირდაპირ მიმართა აშშ-ის ადმინისტრაციას და აღნიშნა, რომ ირანელი ხალხი წნეხისა და სანქციების პირობებში არასდროს მოიყრის მუხლს.
„ბატონმა ტრამპმა და მათ, ვინც ჩვენზე ზეწოლას ცდილობს, უნდა გაიგონ, რომ ირანი მზად არის დიპლომატიის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის, თუმცა ჩვენ არასდროს მივიღებთ ძალისმიერ ენას“, – განაცხადა ფეზეშქიანმა.