„მასტერქარდსა“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
„მასტერქარდსა“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და „მასტერქარდს“ (Mastercard) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და „მასტერქარდი“ შეთანხმდნენ, რომ ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობა ორივე ორგანიზაციის ინტერესშია. ისინი გეგმავენ, რომ მათი კოლაბორაცია ქვეყნისთვის სასიკეთო გამოცდილება გახდეს. თანამშრომლობის მემორანდუმი ხელს შეუწყობს საქართველოში ტურიზმის განვითარებას.

ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „მასტერქარდი“ ქვეყანაში არსებულ ტურისტულ ბიზნესებს მარკეტინგისა და კომუნიკაციების სფეროში დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებს.

„მრავალი წელია, „მასტერქარდი“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას მსგავსი თანამშრომლობით ეხმარება. „მასტერქარდი“ საქართველოში შექმნის უნიკალურ ციფრულ შეთავაზებებს, როგორც გამავალი, ისე შემომავალი ტურისტებისთვის.

„მასტერქარდი“ მიზნად ისახავს, 2021-2022 წლებისთვის ხელი შეუწყოს Mastercard Tourism Insight პლატფორმის განვითარებას. აღნიშნული პლატფორმა უზრუნველყოფს მოგზაურობის ინოვაციურ, 360-გრადუსიან ხედვას – ის აერთიანებს თანამედროვე ციფრულ ტექნოლოგიებსა და მოგზაურობის ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა დაგეგმვა, ძიების გამარტივება, ფასების გადამოწმება, ჯავშნების გაკეთება და სოციალური მედიის გამოყენებაც კი.

ამიერიდან, „მასტერქარდი“ დაეხმარება ტურიზმის განვითარებას შესაბამისი მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდებით. კომპანია მზადაა, გამოიყენოს გადახდის ტექნოლოგიური ინფრასტრუქტურა, მონაცემები, მარკეტინგული შეთავაზებები და პარტნიორების ქსელი: ბანკები და სავაჭრო ობიექტები, რათა საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს“, – ნათქვამია ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

„მასტერქარდსა“ და საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს, გახანგრძლივდეს ტურისტების ქვეყანაში მოგზაურობა, შეიქმნას დამატებითი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს ეკონომიკა და საქართველო გადაიქცეს ერთ-ერთ მთავარ ტურისტულ მიმართულებად.