მასტერ ლიგაში მესამე ლიგაც ჩამოყალიბდება
მასტერ ლიგაში მესამე ლიგაც ჩამოყალიბდება

მასტერ ლიგას ახალი ლიგა დაემატება და ყველაზე მასშტაბური სამოყვარულო ტურნირი 2021 წელს სამ ლიგაში გაიმართება, – ინფორმაციას მასტერ ლიგის ვებგვერდი ავრცელებს.

ტურნირი უკვე მეორე წელია ტარდება და წელს კიდევ უფრო მასშტაბური გახდა – გათამაშება საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში ჩატარდა და 15 000-მდე მოყვარული ფეხბურთელი მონაწილეობდა.

წელს შეიქმნა რანგით მეორე – ჩელენჯ ლიგა, რომელმაც დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა. მასტერ ლიგის ფედერაციის ცნობით, მომდევნო სეზონიდან ტურნირს დაემატება კიდევ ერთი ლიგა, რომელიც ახალ მონაწილეებთან ერთად ზედა ლიგიდან დაქვეითებული გუნდებით დაკომპლექტდება.

პროექტი ქალაქ თბილისის მერიისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით იმართება, მიზნად კი ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ისახავს.

შეგახსენებთ, რომ მასტერ ლიგის წლევანდელ ფინალურ ეტაპს საგარეჯოს რაიონის სოფელ კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორმა“ უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებული გუნდები დაუპირისპირდნენ.

საქართველოს მასტერლიგის 2020 წლის გამარჯვებული ჩელენჯ ლიგის დებიუტანტი და ნამდვილი აღმოჩენა „ინტერსპორტი“ გახდა, რომელმაც ფინალში ბათუმის „რიო“ 7:5 დაამარცხა, ქალთა ფინალში კი აღმოსავლეთ კონფერენციის ჩემპიონმა, ხაშურის „ივერიამ“ დასავლეთის გამარჯვებულ „თერჯოლას“ 8:0 მოუგო.

წლევანდელ გათამაშებაში გოგონების გუნდების რაოდენობაც საგრძნობლად გაიზარდა – მთავარი პრიზისთვის 60-მდე გუნდი იბრძოდა, გამარჯვებული 2500 ლარით დაჯილდოვდა, მეორეადგილოსანი – 1500 ლარით.კაცების ფინალში გამარჯვებულმა „ინტერსპორტმა“ 10 ათასი ლარი მიიღო, ხოლო ბათუმის „რიომ“ – 5 000 ლარი.