მასტერ ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო - სანიოლის ასისტენტი კობიაშვილის გუნდს გოლით დაეხმარა #1TVSPORT
მასტერ ლიგაში ახალი სეზონი დაიწყო - სანიოლის ასისტენტი კობიაშვილის გუნდს გოლით დაეხმარა #1TVSPORT

„იმედის“ სტადიონზე თბილისის მასტერ ლიგის (7×7 ფეხბურთი) 2021 წლის სეზონი დაიწყო, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, თბილისის მერიის წარმომადგენელი ირაკლი ქობალია და 7×7-ზე ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი აკაკი ხლაბუსტოვი ესწრებოდნენ.

მათ პირველი მატჩის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს, მოთამაშეებსა და გულშემატკივრებს ახალი სეზონის დაწყება მიულოცეს და ტურნირის თითოეულ მონაწილეს წარმატებული სეზონი უსურვეს.

განახლებული სეზონის პირველ შეხვედრაში ერთმანეთს გასული წლის ჩემპიონი სსპს და „ინტერსპორტი“ დაუპირისპირდნენ. უხვგოლიანი შეხვედრა მოქმედი ჩემპიონების გამარჯვებით 6:1 დასრულდა. მეორე მატჩში ფეხბურთის ფედერაციის გუნდი „გრასრუტი“ „ბასიანს“ შეხვდა და 8:3 გაიმარჯვა. სფფ-ის გუნდის შემადგენლობაში ითამაშეს გიორგი ლომაიამ, ზურა ხიზანიშვილმა, ლევან კობიაშვილმა, დავით სირაძემ და საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა ადელ შედლიმ, რომელმაც ერთი გოლის გატანაც მოახერხა.

7×7 ფეხბურთში მასტერ ლიგის გათამაშება 2019 წლიდან იმართება. წელს თბილისის ჩემპიონატში მონაწილე გუნდების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 25%-ით გაიზარდა და ჯამში რეგისტრირებული გუნდების რაოდენობამ დედაქალაქის მასშტაბით 56 გუნდი შეადგინა, რომლებიც სამ ლიგაში იქნებიან გადანაწილებული.