მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებისთვის - სასკოლო ლიგამ ბავშვთა და სასკოლო სპორტის ფედერაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა #1TVSPORT
თბილისის საკრებულოში „სასკოლო ლიგასა“ და საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
„სასკოლო ლიგა“ 2019 წელს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ინიციატივით, თბილისის მერიის და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, „სპორტის მართვის მეთოდოლოგიისა და ტექნოლოგიების ასოციაციამ“ დააფუძნა. კამპანიის „როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“ ფარგლებში, ეს იყო ინოვაციური მეთოდების გამოყენებასა და მოტივაციის ამაღლებაზე ორიენტირებული სისტემა, რაც ქვეყანაში როგორც სასკოლო სპორტის, ასევე მასობრივი და პროფესიული სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
დაფუძნებიდან დღემდე „სასკოლო ლიგა“ წარმატებით ავითარებს სასკოლო საშეჯიბრო სისტემას თბილისსა და რეგიონებში. მიმდინარე წელს შეიქმნა სასკოლო ლიგის განვითარების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი, რომელიც 2023-2028 წლებში განსახორციელებელი შეჯიბრებების სამოქმედო გეგმას მოიცავს და რომლის მიხედვით სპორტის 20-ზე მეტ სახეობაში, სისტემატურ და ორგანიზებულ სასკოლო ტურნირებში, ყოველდწლიურად 100 ათასი მოსწავლე ჩაერთვება.
მემორანდუმის საფუძველზე, „სასკოლო ლიგა“ საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციის ეგიდით გაიმართება და მოხდება მისი ინტეგრაცია შესაბამისი ფედერაციის პროგრამებში. სპორტის სხვადასხვა სახეობებში ტურნირების განხორციელების პროცესში „სასკოლო ლიგა“ აქტიურად თანამშრომლობს საჯარო და კერძო სუბიექტებთან. ზემოაღნიშული მემორანდუმი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს „სასკოლო ლიგის“ მხარდაჭერის ზრდას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც თავის მხრივ, საქართველოში, სასკოლო საშეჯიბრო სისტემის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – წერია მემორანდუმში.