სასკოლო ლიგაში წილისყრა გაიმართა #1TVSPORT
სასკოლო ლიგაში წილისყრა გაიმართა #1TVSPORT

„სასკოლო ლიგა 2022“-ის ორგანიზატორებმა პრეზენტაცია გამართეს და მინი-ფეხბურთის ლიგის ფინალური ეტაპის წილისყრა ჩაატარეს – ღონისძიებას თბილისის საკრებულომ უმასპინძლა.

„სასკოლო ლიგა“ სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციამ კამპანიის („როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს“) ფარგლებში 2019 წელს დააფუძნა და მას შემდეგ პროექტი წარმატებით ხორციელდება.

სფფ-ს ცნობით, „სასკოლო ლიგა“ წელს სპორტის სამ სახეობაში, მათ შორის, მინი-ფეხბურთში იმართება და თბილისის, რუსთავის, ბათუმისა და ქუთაისის 150-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის 2000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს. ინიციატორი თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიაა, ხოლო მხარდაჭერები – ფეხბურთის ფედერაციის, დედაქალაქის მერია და სააფთიაქო ქსელის პსპ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციიდან ღონისძიებას პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, პირველი ვიცე-პრეზიდენტი კახა ჭუმბურიძე და ვიცე-პრეიზიდენტი აკაკი ალადაშვილი ესწრებოდნენ. ლევან კობიაშვილმა მსგავსი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ხელს უწყობს მასობრივი ფეხბურთის განვითარებას.

„სასკოლო ლიგა“ მიმდინარე წლის 22 მარტს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება. ღონისძიების დასასრულს, ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სფფ-ის წარმომადგენლებმაც მიიღეს.