მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ყაჩაღობა მოხდა
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სალხინოში ყაჩაღობა მოხდა

ყაჩაღობა მოხდა მარტვილის მუნიციპალიტეტში. გუშინ, გვიან ღამით სამი ნიღბიანი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა სოფელ სალხინოში გ.ც-ს ოჯახს.

ნიღბიანმა პირებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 96 წლის ქალს და მის რძალს.

ოჯახის წევრების განცხადებით, თავდამსხმელები ფულსა და ძვირფასეულობას ითხოვდნენ. იარაღის მუქარით მათ ორი ოქროს ბეჭედი და მობილური ტელეფონი წაიღეს. თუმცა, მობილური ტელეფონი მოგვიანებით სამართალდამცველებმა იპოვეს.

შემთხვევის დროს ოჯახში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები. როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.