მარტვილის ”მერანმა" ფეხბურთელი ტაილანდიდან ჩამოიყვანა
მარტვილის ”მერანმა" ფეხბურთელი ტაილანდიდან ჩამოიყვანა

საფეხბურთო კლუბი მარტვილის “მერანი” ხვალ შეიკრიბება და 2018 წლის სეზონისთვის მზადებას დაიწყებს.

დასრულებული ჩემპიონატის შემდეგ მარტვილელები საკმოდ ბევრ მოთამაშეს დაემშვიდობნენ. ახლა კი გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, მიხეილ მახვილაძემ მათი შემცვლელები მიიყვანა.

გუნდში განსაკუთრებით გიორგი ციმაკურიძის დაბრუნება ახარებთ. 34 წლის მცველი “მერანში” 2015-2016 წლებში თამაშობდა და მარტვილელთა ერთ-ერთ ლიდერად იქცა. ციმაკურიძე 2017 წელს ტაილანდის ეგზოტიკურ ჩემპიონატში გამოდიოდა, თუმცა საქართველოში დაბრუნდა და ახალი სეზონიდან ისევ “მერანის” ღირსებას დაიცავს.

გარდა ამისა, “მერანს” ბევრი ახალწვეული ჰყავს – ქუთაისის “ტორპედოს” 25 წლის კიპერი, კახა მეშველიანი, ბათუმის “დინამოს” მცველი ნიკა მგელაძე, “კოლხეთი 1913”-ის ექსნახევარმცველები, გამოცდილი დავით ბოლქვაძე და თამაზ ჯიშკარიანი, ასევე სამი თავდამსხმელი – საჩხერეს “ჩიხურადან” 24 წლის ოთარ კვერნაძე, „ცხინვალიდან” 23 წლის ვაჟა მათიაშვილი და “გაგრადან” 25 წლის ნიკა ხინთიბიძე.