მართლმსაჯულების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი - რუსეთის ზოგიერთი ქმედება უკრაინაში შეიძლება ჩაითვალოს გენოციდად, მაგრამ მტკიცებულებები ჯერ კიდევ უნდა იქნას შესწავლილი
გლობალური მართლმსაჯულების საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი ბეტ ვან სკაკი თვლის, რომ რუსეთის ზოგიერთი ქმედება უკრაინაში შეიძლება ჩაითვალოს გენოციდად, მაგრამ მტკიცებულებები ჯერ კიდევ უნდა იქნას შესწავლილი. ამის შესახებ მან Babel-თან ინტერვიუში განაცხადა.
ვან სკაკმა აღნიშნა, რომ გენოციდის დანაშაული ძნელი დასამტკიცებელია, რადგან „უნდა გქონდეს მტკიცებულება, რომ დამნაშავეები მოქმედებენ დაცული ჯგუფის მთლიანად ან ნაწილობრივ განადგურების მიზნით“.
„მაგრამ ყველა ის ელემენტი, რაც თქვენ ახსენეთ – ძალადობა, დეუკრაინიზაციის რიტორიკა, უკრაინიდან რუსეთსა და ბელორუსში დეპორტირებული ბავშვების რუსიფიკაცია – ეს არის მტკიცებულებებისა და ქცევის სახეები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს გენოციდის ბრალდებებში“, – განაცხადა ვან სკაკმა.
მან გამოთქვა რწმენა, რომ უკრაინისა და სხვა ქვეყნების პროკურორები გულდასმით იკვლევენ ამ მტკიცებულებებს და ადგენენ, შეუძლიათ თუ არა გენოციდის საქმის დაწყება.
„ამავდროულად, ქცევა, რომელიც საფუძვლად უდევს, მაგალითად, მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, სექსუალურ ძალადობას, ბავშვების გადაადგილებას, ასევე შეიძლება კვალიფიცირებული იყოს, როგორც ომის დანაშაული და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული, რაც, საბოლოოდ, უფრო ადვილი დასამტკიცებელია და ეს გასარკვევია, დააყენებენ თუ არა პროკურორები გენოციდის ბრალდებას“, – აღნიშნა ვან სკაკმა.