მართლმადიდებელი ეკლესია მირქმას აღნიშნავს
მართლმადიდებელი ეკლესია მირქმას აღნიშნავს

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს. მას უფლისადმი მიგებების დღესაც უწოდებენ.

სადღესასწაულო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში სრულდება. სიონის ტაძარში წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, ქორეპისკოპოსი შიო აღავლენს.

მირქმა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია. იუდეველთა წესის მიხედვით, შობიდან მე-40 დღეს ჩვილი ტაძარში მიჰყავდათ და მის სახელზე მსხვერპლს სწირავდნენ.

სახარების მიხედვით, ამ დღეს ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ყრმა იესო იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს და მსხვერპლად ორი ფრინველი შესწირეს. მათ სვიმონ ღვთისმიმრქმელი შეეგება, მაცხოვარი ხელში აიყვანა, ანუ მიირქვა და მისი წამება და ღვთისმშობლის ტანჯვა იწინასწარმეტყველა.

საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, სვიმონ მიმრქმელი ერთ-ერთი იყო, ვინც ძველი აღთქმა ებრაულიდან ბერძნულად თარგმნა. წინასწარმეტყველების თარგმნის დროს მას ეჭვი შეეპარა და ვერ დაიჯერა, რომ ქრისტეს ქალწული შობდა, ამიტომ უფლისგან აღთქმა მიიღო, რომ არ მოკვდებოდა, ვიდრე საკუთარი თვალით არ იხილავდა მაცხოვარს.