მართლმადიდებელი ეკლესია დღეს მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს

09:44, 19.08.2026

მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერისცვალებას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო მესამე წირვას აღავლენს სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერში, ფერისცვალების სახელობის ტაძარში.

წირვა სამთავროს მონასტერში 10:00 საათზე დაიწყება.

ფერისცვალების დღესასწაული 12 საუფლო დღესასწაულთა შორისაა. წმინდა სახარების მიხედვით, ამ დღეს თაბორის მთაზე იესო ქრისტემ სამი მოწაფის – პეტრეს, იაკობისა და იოანეს წინაშე ფერი იცვალა და თავისი ღვთაებრივი დიდებულება აჩვენა.

იერუსალიმში ყოველწლიურად ხილული სამი სასწაული აღესრულება: აღდგომას ზეციური ცეცხლის გარდამოსვლა, ნათლისღებას (19 იანვარს) მდინარე იორდანეს უკუქცევა და 19 აგვისტოს, ფერისცვალების ღამეს თაბორის მთაზე ღრუბლის მისვლა.

ფერისცვალების დღესასწაულზე ტაძრებში ყურძენი და ხილი იკურთხება.

მსგავსი