მარტის თვე ბერიძესია - ქართველი უნგრეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურ გუნდში მეორედ დაასახელეს #1TVSPORT
პოპულარულმა უნგრულმა გამოცემა csakfoci-მ საფეხბურთო ჩემპიონატის 26-ე ტურის შემდეგ კვლავ დაასახელა 11 მოთამაშე, რომლებმაც საუკეთესოდ ითამაშეს – სიაში „უიპეშტის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი ბერიძეც მოხვდა.
csakfoci-მ 26-ე ტურის საუკეთესო მოთამაშეები 3-4-3 სათამაშო სქემით შეადგინა და 23 წლის ქართველი ფლანგის შემტევი ცენტრალური თავადმსხმელის პოზიციაზე დააყენა.
„გიორგი ბერიძემ ჩინებულად ითამაშა „კიშვარდას“ წინააღმდეგ და დუბლი შეასრულა. ჯერ მე-11 წუთზე თავისი გუნდი დააწინაურა, ხოლო 35-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო“, – წერს უნგრული გამოცემა.
უნგრეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში გიორგი ბერიძის „უიპეშტმა“ საკუთარ მოედანზე „კიშვარდა“ დიდი ანგარიშით დაამარცხა 3:0, რაშიც საქართველოს ნაკრებში ნათამაშებმა, 23 წლის ფლანგის თავდამსხმელმა დიდი როლი ითამაშა.
გიორგი ბერიძემ მიმდინარე სეზონში შვიდი მატჩი გამოტოვა – გუნდში გვიან ჩაირიცხა, მერე კი კორონავირუსის გამო დრო გაუცდა და მხოლოდ 19 მატჩი ჩაატარა. ამის მიუხედავად, რვა გოლი გაიტანა, გუნდის საუკეთესო ბომბარდირია და ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეებს შორის დაწინაურდა.
აღსანიშნავია, რომ ბერიძე გამოცემა csakfoci-მ ტურის სიმბოლურ გუნდში მეორედ დაასახელა – 23 წლის ქართველი 11 რჩეულ მოთამაშეს შორის ჩემპიონატის 23-ე ტურშიც მოხვდა.